სტივ ჯობსმა დაიქადნა, კომპიუტერს ყველას ჯიბეში ჩაგიდებთო და სიტყვაც შეასრულა – სმარტფონის შესაძლებლობები უსაზღვროა და თანამდეროვე ტელეფონით საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლიაციების ნახვაც შეგვიძლია.

სხვა საქმეა, რამდენად კომფორტულია სმარტფონით ფეხბურთის ყურება და საყვარელი გუნდის ქომაგობა. ისიცა, რომ შუახნის და ჭარმაგი ხალხისთვის, ალბათ, ტელევიზორი უფრო შინაური და საყვარელი ნივთია. ესეც რომ არა, დიდ ეკრანზე ფეხბურთს სულ სხვა ეშხი აქვს.
მოკლედ, სმარტფონი და ფეხბურთი ერთმანეთისთვის აუცილებელი ამხანაგები ვერ არიან, ტელევიზორი აქ ბევრად უფრო მძლავრი ატრიბუტია.

კარგია, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩების ონლაინ რეპორტაჟები ინტერნეტში ხელმისაწვდომია, ოღონდაც ფეხბურთის ინტერნეტვერსიები ვერ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული.

ამას წინათ ტელეკომპანია „რიონში“ მითხრეს, ქუთაისის „ტორპედოს“ საშინაო მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გვსურდა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ თანხა მოგვთხოვა, ერთი მატჩი 1 500 ლარად შეგვიფასა და სიდუხჭირის გამო ჩვენი ტელემაყურებელი უფეხბურთოდ დავტოვეთო.

ქუთაისში ფეხბურთი გამორჩეულად უყვართ და საერთოდაც, ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს პერიფერიებში უფრო ჰყავს მაყურებელი, ვიდრე დედაქალაქში. ტელეკომპანია „რიონიც“ ქუთაისშია.

საფეხბურთო ტრანსლაცია ყველგან ფული ღირს, ყველაზე მეტი შემოსავალიც ასე მოდის ფეხბურთში და ფედერაციამაც საკუთარ პროდუქტს ფასი დაადო.

ამ ამბავში თითქოს ყველაფერი სწორადაა, თუმცა მოდით, ოდნავ მეტი დაკვირვებით შევხედოთ სიტუაციას.

დღეს კერძო თუ მუნიციპალურ საფეხბურთო კლუბებს სახელმწიფო ერთნაირად აფინანსებს, ანუ საარსებო თანხა ყველა კლუბს აქვს, მაგრამ ნახეთ რა ხდება – პროფლიგის შექმნა, ანუ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის კომერციალიზაცია ამ კლუბებს არ სურთ და სახელმწიფოც მეწველ ძროხას დაემსგავსა ქართულ კლუბებთან ურთიერთობაში. ფული ისედაც მოდის და პროფლიგის შექმნაზე რატომ უნდა დავხარჯოთ ძვირფასი დრო და ენერგია?! თუ რამ გასაყიდია, მაგალითად, ტელეტრანსლაციის უფლება, ფედერაციამ გაყიდოს – ასეთია მოცემულობა და ახლა ისიც ვიკითხოთ, ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციებს ევროპაში ეროვნული ფედერაცია ყიდის თუ კომერციალიზაციისთვის შექმნილი ლიგა?

ისიც ვიკითხოთ, როგორ არის კლუბი კერძო, თუ ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ფულს? მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ სახლემწიფომ ფული იმ კერძო ტელეკომპანიებსაც მისცეს, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება რომ სურთ?

ისიც ვიკითხოთ, ქვეყნის ბიუჯეტს რომ დააკისრეს კერძო კლუბების შენახვა, ამ კლუბებში კერძო სექტორის ინვესტიცია გაიზარდა თუ შემცირდა?

მე არ მინახავს აუდიტორული დასკვნები, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ კერძო კლუბების მეპატრონეები ახლა გაცილებით ნაკლებ ფულს ხარჯავენ საკუთარი გუნდებისთვის, ვიდრე მაშინ, როცა კერძო კლუბებს სახელმწიფო არ აფინანსებდა, ანუ კერძო სექტორიდან ქართულ ფეხბურთში გადასროლილი თანხები საერთო ჯამში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ერთ-ერთი ტიტულოვანი ქართული კლუბის ვებ-გვერდს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ ამ კლუბის პრეზიდენტს საკლუბო ლიცენზირებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პოზიციაზე საკუთარი მძღოლი ჰყავს გამწესებული, ანუ მძღოლის ხელფასსაც კი სახელმწიფოს ახდევინებს.

სამაგიეროდ, „რიონმა“ უნდა გადაიხადოს ფული.

ჩვენთან თურმე ასეთია კომერციალიზაციის წესები.

სტივ ჯობსი კი ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნაღდად არ სჭირდება, მაღალი ტექნოლოგიების გარეშეც ყველა ყველაფერს ხედავს.