ფრანგულმა ინტერნეტ-საიტმა Le Petit Bleu გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკანახაზელ თამაზ მჭედლიძესთან, რომელმაც ტრავმები მოიშუშა და ახალ სეზონს თავის ფრანგულ კლუბში, ტოპ 14-ში მოასპარეზე „აჟენში“ საკმაოდ დამაჯერებლად ატარებს. შეხსენებისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში თაზომ ქვეყნის ექსჩემპიონ „კლერმონს“ ლელო გაუტანა, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია ამ ქვეყანაში მოთამაშე ქართველთათვის. დეტალები – ინტერვიუში, რომლის თარგმანსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

 

– რას იტყვით ახალ სეზონზე? რას ფიქრობთ საკუთარ თავზე და გუნდზე?

– ზოგადად დასაწყისი ყოველთვის რთულია და წლეულსაც ასე იყო. კლერმონში გავნადგურდით, მაგრამ საბედნიეროდ, ყურები არ ჩამოგვიყრია და შემდეგ „პერპინიანს“ მოვუგეთ. შარშან ან შარშანწინ, მძიმე მარცხის მერე ვერ შევძლებდით ისეთი მატჩის მოგებას, როგორიც „პერპინიანთან“ გვქონდა. მე ვიტყოდი, რომ უფრო ჭკვიანურად ვთამაშობთ, მთავარი პროგრესი სათამაშო ინტელექტის მხრივ გვაქვს. ინდივიდუალურადაც ბევრი ვიშრომე, საკუთარ თავზე ვმუშაობდი და იმედია, შედეგსაც მივიღებ. ფიზიკურად თავს საუცხოოდ ვგრძნობ.

– ასე კარგად მომზადებული თამაზ მჭედლიძე ალბათ არავის უნახავს…

– დიახ, ასეა. გასულ სეზონში ბევრი სათამაშო დრო არ მქონია, მაგრამ ეს ჩემი შეცდომების შედეგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავს არ ვზოგავდი და რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. ამ სეზონში ბევრი რამის შეცვლა გადავწყვიტე. ბევრი ვიმუშავე, უკეთ ვარ მომზადებული, ამიტომ ფიზიკურ კონდიციებზე ფიქრი აღარ მიწევს, ამ კუთხით მშვიდად ვარ. ახლა ყურადღებას რაგბის ინტელექტუალურ მხარეს ვაქცევ, უწინდელზე გაცილებით მეტს ვფიქრობ, ვაანალიზებ. იმ დასკვნამდე მივედი, რომ თამაშის სტილი და მანერა უნდა შევცვალო. როცა ჩემი თამაში ვიდეოზე ვნახე და გაანალიზებას შევუდექი, კმაყოფილების საბაბი მაინცდამაინც არ მომცემია. ადრე ბურთს რომ მივიღებდი, ტანკივით წინ მივიწევდი და ვერ ვამჩნევდი, თუ რა ხდებოდა ირგვლივ. ამ სეზონში ვცდილობ, სათამაშო სიტუაცია გავაანალიზო, ვაკვირდები ვითარებას, პარტნიორებთან გაცილებით მეტს ვურთიერთობ და რაც პირადად ჩემთვის სიახლეა, თანაგუნდელებს მეტოქის ხაზის გაჭრის ბევრად მეტ შესაძლებლობებს ვუქმნი, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ბევრი ლელოს გატანა მსურს, მაგრამ უკვე გავათვითცნობიერე, რომ ამ ახალი მიდგომით ზოგადად რაგბისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ.

– ალბათ, „პერპინიანთან“ მოპოვებულმა გამარჯვებამ გუნდს თვითრწმენა გაუმყარა…

– გამარჯვება მაინც მთავარია. მეტოქეს უფრო მძლავრი შერკინება ჰყავდა და ძალიან გაგვიჭირდა, დაცვაში დიდი პრობლემები შეგვექმნა. მაგრამ გამარჯვების სურვილი ჩვენ უფრო ძლიერი აღმოგვაჩნდა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ მოვიგებდით. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ვარჯიში ვერაფერს გვარგებს. ფიქრიცაა საჭირო. რაგბი ჭკვიანების თამაშია და “პერპინიანთან” მოგებაც უმთავრესად ჩვენი ტვინებისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. თუ ამ გზით ვივლით, „აჟენი“ წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს.