„ჩელსიმ” შესაძლოა სესკ ფაბრეგასი უბრალოდ დაკარგოს, მის სანაცვლოდ ცენტიც კი ვერ მიიღოს — „მილანმა” მუდმივ კონკურენტ „ინტერს” სასურველი მოთამაშის ცხვირწინ აცლა მოუნდომა და საამისოდ პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. ფაბრეგასს კი დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, ზაფხულში ეწურება. კატალონიელი ჯერჯერობით ელოდება შესთავაზებენ თუ არა „ლურჯები” მის განახლებას.
„ჩელსიდან” წასვლაზე კი საქმე ასეა: 31 წლის ნახევარმცველს იანვარში ნება ეძლევა ვისთანაც უნდა იმასთან წამოიწყოს მოლაპარაკებები და ზაფხულიდან ახალ კლუბში სატრანსფერო თანხის გარეშე გადავიდეს.
„მილანისა” და „ინტერის” ინტერესის შესახებ ინგლისურმა „ექსპრესმა” დაწერა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ეტაპზე ფაბრეგასის დაყოლიების საქმეში „როსონერი” დაწინაურდა. იმასაც ამბობს, თითქოს „მილანმა” შეიძლება ზაფხულამდე არც მოითმინოს და ვეტერანის გადაბირება იანვარშივე სცადოს. „ინტერს” კი თურმე გასულ ზაფხულს არ დაუკლია ცდა — ლუჩანო სპალეტის ნახევარდაცვის გაძლიერება სჭირდება.
ფაბრეგასამდე „ინტერი” „რეალის” ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის გადაბირების იდეით იყო შეპყრობილი, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და „ჩელსის” ფეხბურთელზე გადაერთო. როგორც გაირკვა, „არსენალისა” და „ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ ზაფხულში „ინტერის” წინადადება იუცხოვა — იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთ ლონდონელების ახალი მწვრთნელი, მაურიციო სარი მას ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებდა, მაგრამ სეზონისწინა შეკრების ბოლოს მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა და ახლა ის ახალი გუნდის ძიებაშია.
ამ სეზონში სესკ ფაბრეგასმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ისიც ინგლისის სუპერთასი, ეგრეთწოდებული „ქომუნითი შილდი” გახლდათ. იმ შეხვედრაში „ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტისთან” წააგო 0:2.