გარეთ საუთგეიტი ამბობს, რომ ინგლისურ ფეხბურს ბოლო 50 წელიწადში პოლ გასკოინის გარდა მსოფლიო კლასის ნახევარმცველი არ ჰყოლია. ინგლისის ნაკრების იმედგაცრუებული მწვრთნელის თქმით მხოლოდ გაზას შეეძლო გუნდის თამაში უმაღლეს დონეზე წარემართა.

საუთგეიტმა, რომელიც 1970 წელს არის დაბადებული, თქვა: „ჩემს სიცოცხლეში ერთადერთი უმაღლესი დონის მობურთალი გასკოინი იყო. და მე სულაც არ ვფიქრობ, რომ მან ამ დონეს თანდათანობითი განვითარების გზით მიაღწია. ის თვითნაბადი გახლდათ. მისთვის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბურთს ითხოვდა და ინიციატივას კი არ უთმობდა, თვითონ თამაშობდა”.

ხვალ, 23 საათზე ინგლისის ნაკრებს შვეიცარიასთან აქვს ამხანაგური მატჩი და თუ დამარცხდება, საუთგეიტი გახდება „სამ-ლომიანთა” პირველი თავკაცი, რომელიც ზედიზედ ოთხ შეხვედრას წააგებს.

ინგლისელების თავკაცი ამბობს, რომ დღეს მის გუნდსა და მსოფლიოს წამყვან ნაკრებებს შორის დიდი ნაპრალია. ის ფიქრობს, რომ ინგლისი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ვერ იქნება.

„თუ ვინმემ ამ ნაპრალის შესახებ არ იცოდა, ერთა ლიგაში ესპანელებთან ჩვენი 1:2 დამარცხება აუხელდა თვალებს. ჩვენ კი ილუზიებით არ ვიკვებებით. ვიცით, რომ უძლიერეს გუნდებამდე ჯერ კიდევ გზა გვაქვს გასავლელი”.

საუთგეიტი გასკოინთან ერთად „ევრო 96″-ზე გამოდიოდა, მას მერე კი ინგლისს ნახევარდაცვიდან თამაშის მაღალ დონეზე წაყვანის პრობლემა აქვს.

„ლა როხასთან” მარცხის შემდეგ ჟურნალისტებმა ინგლისელთა მწვრთნელს შეახსენეს, რომ ესპანელებმა პასების დიდოსტატთა მთელი თაობა გამოზარდეს და ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ის ევროპის პირველობამდე ამ სხვაობის გაბათილებას.

„თუ ჩვენს გეგმას არ ვუერთგულებთ, დავბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ — ეს კი ჩვენს თავს დაუსრულებლად მეორდება. ასე ვერასდროს გავხდებით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი”, — უპასუხა საუთგეიტმა.