ხვალ იტალიასა და ბულგარეთში ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელზეც ბურთი ქართველთა გარეშე იფრენს. საქართველოს ფრენბურთის ნაკრებს ამა წლის მაისში მიეცა საკვალიფიკაციო ზღუდეზე გადასვლის შანსი, მაგრამ ჩვენებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხივე ჯგუფური თამაში უიმედო 0:3-ით წააგეს, ერთი მაინც პარტიის მოგების გარეშე და საწყენია, მაგრამ გივი ახვლედიანის და ვაჟა კაჭარავას საქართველოში ფრენბურთი სადღეისოდ თითქმის ყველა საბურთაო სპორტს კუდში მისდევს.
ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მზამზარეულად ებოძათ მასპინძელ იტალიას და ბულგარეთს, აგრეთვე ფრენბურთის სანაკრებო რეიტინგ-ლისტის საუკეთესო რვეულის წევრებს – ბრაზილიას (1), აშშ-ს (2), პოლონეთს (3), რუსეთს (5), კანადას (6) და არგენტინას (7). სხვებმა კი აპენინებსა და ბალკანეთში მოსახვედრად საკმაოდ იშრომეს და ბოლოს პირველი ჯგუფური ეტაპის შემადგენლობა ასე განაწილდა:
- ჯგუფი A – იტალია, არგენტინა, იაპონია, ბელგია, სლოვენია, დომინიკის რესპუბლიკა
- ჯგუფი B – ბრაზილია, კანადა, საფრანგეთი, ეგვიპტე, ჩინეთი, ჰოლანდია
- ჯგუფი C – აშშ, რუსეთი, სერბეთი, ავსტრალია, ტუნისი, კამერუნი
- ჯგუფი D – ბულგარეთი, პოლონეთი, ირანი, კუბა, ფინეთი, პუერტო-რიკო
ცხონებული იპოლიტე ხვიჩიასთვის, დიდი ეროსის ხმით ფრენბურთის ჩემპიონატზე გასაგზავნი გუნდის შედგენა რომ დაევალებინათ, თავს მოიკლავდა. “დიდებული სისტემაა – წააგებ, წადი, მოშორდი, დაისვენე სახლში!” – მსოფლიო პირველობის ფინალური ეტაპის მონაწილეებს ასე ადვილად ვერა აქვთ საქმე. ფეოლას ნანატრი ოლიმპიური სისტემა მხოლოდ ნახევარფინალიდან იწყებს მოქმედებას, იქამდე კი სამი (!) ჯგუფური ეტაპია გასავლელი: ზემოთ ჩამოთვლილი ექვსეულებიდან საუკეთესოთა ოთხეულები ჩამოყალიბდება, მათგან მესამე ჯგუფური ეტაპისთვის ორი სამეული ჩამოიქნება და ბოლოს კი ოთხი წარმატებული ნაკრები ნახევარფინალებში დაწყვილდება.
ხელბურთის მიმართ ჩვენი დიდი სიმპათიის მიუხედავად, უნდა შევნიშნოთ, რომ ფრენბურთი კოლეგა სპორტის სახეობას სექსუალურობითაც ჩაგრავს და გლობუსზე განფენითაც. პირველ პარამეტრზე მეტი აღმაფრენით საუბარი 29 სექტემბრიდან შეგვეძლება, როცა ვაჟებს იტალია-ბულგარეთში ფინალი არ ექნებათ ნათამაშევი და იაპონიაში კი ანალოგიურ შეჯიბრზე ბურთის ბეჯითად ბათქუნს მშვენიერი სქესი შეუდგება. აბა მაშინ ნახეთ “სარბიელის” მიმოხილვები ამ სპორტულად და ესთეტიკურად ამოდსანახავ ამბებისა, ფოტო- და ვიდეომასალის უხვად მოშველიებით!

გლობუსის ამბავს რაც შეეხება, დაკვირვებისთვის იქნებ ხელბურთის და ფრენბურთის ვაჟთა ნაკრებების ოფიციალურ რეიტინგებს გადახედოთ: ხელბურთში საუკეთესო ოცი ნაკრებიდან 17 (!) ევროპის კონტინენტს ეკუთვნის და საუკეთესო არაევროპული ნაკრები მე-15 ადგილზეღა შეინიშნება, როცა ფრენბურთის ნაკრებთა ელიტარული ოცეული სულ სხვა ფორმისაა, იქ ევრონაკრებები ნახევარსაც ვერ ავსებენ. სადღეისოდ მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები ბრაზილიას ჰყავს და მას კუდში აშშ მისდევს. მერვე ადგილზე ირანია, ვისი საფრენბურთო წარმატებები საფეხბურთოსას, ბოლო მონდიალის ფინალურ ეტაპზე გასვლის მიუხედავად, ერთი თავით აღემატება. კანადა, არგენტინა, იაპონია, ეგვიპტე, კუბა, ეგვიპტე ან თუნდაც ჩინეთი და სამხრეთ კორეა – ეს ქვეყნები ფრენბურთს ჭეშმარიტად საერთაშორისო (და არამხოლოდ ევროპული) საბურთაო სპორტის ელფერს აძლევენ.
მოკლედ, ცხელი დღეები მოდის: რომი, ფლორენცია, ბარი, ტურინი, ბოლონია და ასაგო აპენინების გარდიგარდმო, ბულგარეთის მთავარქალაქი სოფია, ისტორიული ძეგლებით სავსე დუნაისპირა რუზე და ოქროსფერი ქვიშით მდიდარი ვარნა მზად არიან დიდი ფრენბურთის ზეიმისთვის. სარბიელთაგან ყველაზე მეტ ქომაგს ტურინში “პალა ალპიტური” იტევს (15800), ხოლო “ფორუმ მედიოლანუმი” იმითაა გასაკვირი, რომ მისი ტევადობა (12700) თითქმის ორჯერ აღემატება თვით იმ ციცქნა თემის (ასაგოს) მოსახლეობას, სადაც დარბაზია აშენებული.

ფავორიტებზე ბევრი საუბარი არ ეგების, ფრენბურთის ქომაგებმა ისინი იციან: ევროპის ჩემპიონი რუსეთი, ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილია და ამჟამად არაფრის ჩემპიონი აშშ აშკარა ფავორიტებად აღიქმებიან და ნაკლებად არც რამდენიმე სხვა ნაკრების შანსები (საფრანგეთი, იტალია, კანადა) ფასდება. მათ შორისაა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი პოლონეთი, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე მე-7 მოთამაშის (ტრიბუნები) თავგანწირული დახმარებით სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ათამდე თანაბარი ძალის ნაკრების ყოფნა იტალია-ბულგარეთში გასამართ შეჯიბრზე დამაჯერებელი პროგნოზების კეთების საშუალებას არ იძლევა. მივყვეთ მოვლენებს…