საქართველომ გამარჯვებით დაიწყო უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშება. გათამაშება, რომელიც, ფაქტობრივად ჩვენი ერთადერთი იმედია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხუთშაბათს „ასტანა არენაზე“ თავშეყრილ 30 ათასამდე მაყურებლის თვალწინ ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა საქართველომ შანსი არ დაუტოვა ყაზახეთს და ისტორიული მოგებაც იზეიმა – ისტორიული, რადგან ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა იყო და უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გოლის ავტორიც ქართველი ფეხბურთელი გახდა.
ძალიან სასიამოვნოა ტურნირის მოგებით დაწყება, მით უფრო, ამ გათამაშების რეგლამენტი იმგვარადაა მოწყობილი, რომ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულს გამოუჩნდება საევროპოდ მისასვლელი გზა. ამდენად, ყაზახეთთან პირველივე საგარეო მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო სატურნირო თვალსაზრისით და გუნდმა ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
მთლიანობაში გუნდს აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, ბიჭებს მოტივაცია-თავდადებაც არ აკლდათ და ასტანური მატჩი თითოეული მათგანისთვის წარმატებულად ჩაითვლება.
რაღა თქმა უნდა ცალკე გამოსარჩევია გიორგი ჩაკვეტაძე, ვინაც კოუტინიოს სტილში გატანილი ჯადო-გოლით მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ. უდავოდ სასიხარულოა თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება. ამ ფორმაციის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფეხბურთელი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ხეირიანად პირველად გავიდა მოედანზე.
გავიმარჯვეთ და ეს შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეიფორიის ხალხი ვართ და ხშირად ხუხულასავით დაგვნგრევია ოცნებებში ნაშენები ოქროს კოშკები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ყაზახეთს მოვუგეთ, რომელმაც არსებობის მანძილზე პირველად ითამაშა პირველ ნომრად და რომლის შემადგენლობიდან ხუთი ფეხბურთელის გარდა არც ერთს არ გააჩნია საკლუბო თუ სანაკრებო პრაქტიკა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ, ორი ათეული წლის წინ, როცა ინგლისი-გერმანია-იტალიებთან ვიყავით, ჯგუფიდან ვერგასვლა ლამის ეროვნული ტრაგედია იყო და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ოცდამეერთე საუკუნეში ყაზახეთთან გამარჯვებით ლამის ეროვნულ დღესასწაულს მოიწყობთო – „ასათიანამდე“ მიაცილებდნენ.
მოკლედ, არ არის საჭირო ეიფორია, შევხედოთ ამას როგორც ერთ რიგით მატჩს, მით უფრო რომ სწორედ ასეთი იყო. ასე აჯობებს ყველასთვის, უფრო მეტად კი ბიჭებისთვის, რომლებსაც ჯერაც ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, რადგან საბოლოო მიზნამდე დიდი გზაა გასავლელი…
და კიდევ, ყაზახეთთან მატჩმა დაგვანახა, რომ სადღეისოდ საქართველოს ნაკრების ადგილი სწორედ იქაა, სადაც უეფამ მიუჩინა ადგილი, ანუ D ლიგის 1 ჯგუფში, არც ზევით, არც ქვემოთ, სადაც კიდევ სამი ჯგუფია…
წარმატებები საქართველოს…