ეტყობა მო სალაჰმა ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციასთან ბრძოლა მოიგო. ყოველ შემთხვევაში, მას მერე რაც თავდამსხმელმა ასოციაციას ულტიმატუმი წაუყენა, სანაკრებო თამაშებზე რომ ჩამოვდივარ ჩემი უსაფრთხოება დაცული არ არის და ან მდგომარეობა გამოასწორეთ ან გადადექითო, ასოციაციამ ყურები გამოიქექა.

ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ სალაჰის ვექილმა რამი აბას ისამ წერილობით იჩივლა, ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსულ ლივერპულელს ავტოგრაფის მოყვარულები ღამის 3-4 საათზე აღვიძებენ და სასტუმროებში მისი სიმშვიდის დასაცავად სულ მცირე ორი მცველი გვჭირდებაო. იყო სხვა საკითხებიც — ხალხისთვის თავის არიდების მიზნით ტრაპთან მანქანით დახვედრა და ა.შ.

წერილი, რომელიც ისამ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციას აახლა კატეგორიული გახლდათ და ულტიმატუმს შეიცავდა. ასოციაციამ სალაჰსა და მის ვექილს პასუხად მიუგო, რომ ეგვიპტის ნაკრებში ყველა ფეხბურთელი თანასწორია და ვინმეს მიმართ ვარსკვლავურ მოპყრობას ვერ დაუშვებს, თუმცა ორგანიზაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ქარიმ კურდიმ ისიც დასძინა, რომ ბორგ ალ არაბის საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან ფანებს არ მიაკარებენ.

შაბათს „ფარაონები” აფრიკის ერთა თასის მნიშვნელოვან შესარჩევ შეხვედრაში ნიგერს ხვდებიან.

კურდიმ თქვა: „გუნდი ყველაფრისგან დაზღვეული და დაცულია. ხალხი ფეხბურთელებს ვერ მიეკარება. სასტუმროს პატრონები მზად არიან აღკვეთონ სართულებზე და ფეხბურთელთა ნომრებში უცხო პირების შეღწევა”.

როგორც ეგვიპტური მედია წერს, კვირას ქაიროში ჩასულ სალაჰს მართლაც დახვდა საგანგებო ესკორტი, რომელმაც ის შეკრების ადგილზე წაიყვანა.