„ჩელსიმ” ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა ამ ზაფხულს გოლკიპერთათვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ იყიდა. 23 წლის კარის მცველი პრემიერლიგაში იოლად გადავიდა, სკანდალური წინაისტორიები არ ჰქონია. სეზონიც კარგად დაეწყო — დასავლეთ ლონდონელებს პირველ ოთხ ტურში თამაში არ წაუგიათ. და ახლა, როდესაც ევროპული ფეხბურთის კარს სანაკრებო კვირამ მოუკაკუნა, კეპას „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან, ცნობილ დავიდ დე ხეასთან უწევს კონკურენცია — რომელი მათგანი დადგება „ლა როხას” კარში?
შაბათს, ესპანეთის ნაკრებიუემბლიზე” ინგლისს ხვდება. ამ მატჩის წინ კეპა დე ხეასთან კონკურენციის თემაზე საუბარს თავს არიდებს.
„ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, — თქვა AS-თან საუბრისას „ატლეტიკის” ყოფილმა მეკარემ, — რასაკვირველია, ჩვენ ყველას გვინდა რომ გვათამაშონ, მაგრამ ერთადერთი, რაც საამისოდ მევალება შრომაა. ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის სასარგებლო რომ ვიყო, დანარჩენი კი ლუის ენრიკეზეა”.
კეპას ესპანეთის ნაკრებში ერთი თამაში აქვს ჩატარებული, დე ხეას კი — 33.
თავისი რიგის მოთმინებით ცდა არც „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარისთვის არის უცხო. ის 2014 წლამდე მორჩილად ელოდა როდის დაიკავებდა იკერ კასილასის ადგილს.
კეპას ჰკითხეს თავს დე ხეას დონის მეკარედ თუ გრძნობო. მან უპასუხა: „მე ყოველთვის მობილიზებული ვარ და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. კონკურენცია კი ყველა ფეხბურთელისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მწვრთნელი წყვეტს, ჩვენ — ვემორჩილებით, გუნდში ჰარმონიაა”.
ესპანეთის ნაკრებს ზაფხულში ნაადრევად მოუწია მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვება. „ლა როხას” მერვედფინალში, მატჩისშემდგომი პენალტებით რუსეთმა მოუგო. მაშინ დე ხეას გვარიანი კრიტიკა ხვდა წილად — დაუთვალეს, რომ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი დარტყმა მოიგერია. ესპანეთში ბევრი გულშემატკივარი მის სათადარიგოთა სკამზე დასმას და კარში კეპას დაყენებას ითხოვს.
„ამ კამათისგან განზე ვდგები, — ამბობს კეპა, — მსოფლიოს ჩემპიონატზე გვინდოდა რაც შეიძლებოდა შორს წავსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. როდესაც დე ხეა თამაშობს კარი საიმედოდ არის დაცული. მსოფლიოს ჩემპიონატიდან ადრე კი გამოვვარდით, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ვინ რას ამბობს. მე ვვარჯიშობ, დანარჩენი გამოჩნდება”.