იურგენ კლოპი ჟოზე მოურინიუს მორიგ გამოწვევას არ აჰყვა და „განსაკუთრებულთან” სიტყვიერ დუელში არ შევიდა. კლოპის „ლივერპულმა” პრემიერლიგის მეოთხე ტურში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა — სტუმრად მოუგო „ლესტერს” 2:1. მოურინიუს „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მეოთხე შეხვედრას დღეს ატარებს ბარნლიში. წინა სამიდან ერთი მოიგო და ორი წააგო.

პორტუგალიელმა გერმანელი სწორედ „ბარნლისთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე გაკენწლა, როდესაც ჟურნალისტებმა თავიანთი საყვარელი თემა წამოწიეს და ჟოზეს მის სიდიდადეზე ჩამოუგდეს სიტყვა. მას ჰკითხეს, დაიმკვიდრებს თუ არა ის ადგილს „მანჩესტერ იუნაიტედის” გამორჩეულ მწვრთნელთა შორის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ გუნდთან ერთად ტიტულს საერთოდ ვერ მოიპოვებს. მოურინიუს პასუხი ასეთი ასეთი იყო:

„ასეთ კითხვებს იმ მწვრთნელსაც უსვამთ, რომელიც პრემიერლიგაში მესამე ან მეოთხე ადგილზე გადის ხოლმე? რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე არასდროს არაფერი მოუგია”.

ეს სხვა არაფერი იყო თუ არა თითის იურგენ კლოპისკენ გაშვერა.

კლოპმა „ლესტერთან” მოგების შემდეგ მოურინიუს ნალაპარაკევს მსუბუქად შეხედა. მან თქვა:

„მე მის პრესკონფერენციებს არ ვუყურებ. უნდა ვუყურებდე? თუმცა, როდესაც ის ამბობს, რომ მე გერმანიის გარეთ არაფერი მომიგია, მართალია. ამის დანახვა ძნელი არ არის”.

ჟოზე მოურინიუს ტიტულები მოგებული აქვს პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და ინგლისში. გარდა ამისა ის არის ყველა მთავარი ევროპული ჯილდოს მფლობელი. იურგენ კლოპს გერმანიის გარეთ არაფერი მოუგია.

პრემიერლიგაში ოთხი ტურის შემდეგ ლიდერობენ „ლივერპული” და „ჩელსი”, რომელთაც 12 ქულა აქვთ. მესამეზე ათქულიანი „მანჩესტერ სიტია”. „მანჩესტერ იუნაიტედს” ჯერჯერობით 3 თამაშიდან 3 ქულა აქვს.