„ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ნაკრების თავკაცის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს — ენრიკემ ნაკრებში ჟორდი ალბა არ გამოიძახა. „ლა როხას” „ერთა ლიგის” A ლიგის მე-4 ჯგუფში 8 სექტემბერს ინგლისთან, ხოლო 11-ში ხორვატიასთან უწევს დაპირისპირება.

ვალვერდემ „ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე თავისი წინამორბედის ქება ან კრიტიკა არ დაიწყო. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ალბამ, იმედგაცრუებას რომ სძლიოს. „ბარსას” მწვრთნელის აზრით, მარცხენა მცველმა ზუსტად ის უნდა გააკეთოს, რასაც ასეთ პირობებში ჩავარდნილი სხვა ფეხბურთელები აკეთებენ.

„მან ბევრი უნდა იმუშაოს, მთელი ყურადღება კლუბში გამოსვლაზე უნდა გადაიტანოს, — თქვა ერნესტო ვალვერდემ, შემდეგ კი დასძინა,  — ალბა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგიჟდეს და მშვიდად უნდა დაელოდოს ნაკრებში დაბრუნების შანსს. ასე იქცევა ყველა ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში არ იძახებენ”.

ვალვერდემ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებისადმი პატივისცემა გამოხატა: „ის თავის გუნდს არჩევს და გარშემო იკრებს ფეხბურთელებს, რომლებიც საუკეთესოებად მიაჩნია. დღეს მან ალბა არ გამოიძახა, მაგრამ ვნახოთ, რას იზამს მომავალში. გუნდში დასაბრუნებლად ჟორდის ბევრი მუშაობა დასჭირდება.

მე არ მიყვარს, როდესაც სხვა მწვრთნელები ჩემს შემადგენლობას აკრიტიკებენ და ამიტომ არც მე ვაკრიტიკებ სხვისას.  საკუთარი გუნდის შესახებ ყველაზე მეტი ინფორმაცია მე მაქვს და ვიცი რას რატომ ვაკეთებ. ასევე არის ლუის ენრიკე. მან ყველაზე კარგად იცის თავისი გუნდის ამბავი და მის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ”.