საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი იმის გარდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, სხვა მხრივაც გამორჩეული ადამიანია. ის გოლებს ვიდეოთამაშის მიბაძვით აღნიშნავს. ამ ზაფხულს არ გადავიდა ბარსელონაში, თუმცა კატალონიელები დღევანდელზე უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. კალათბურთი ლამის ფეხბურთზე მეტად უყვარს და ნბა-ს ვარსკვლავებთან ხშირად იღებს სელფებს. ახლახან მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და ფიფას ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუც ჩაწერა.

– მსოფლიო ჩემპიონობა, ევროპალიგის თასი, უეფას სუპერთასი… რა ადგილს დაიჭერს თქვენს ცხოვრებაში 2018 წელი?

– ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელიწადია ჩემს კარიერაში. მანამდე ორი ფინალი წავაგე, 2016-ში, ევროპის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის. ამიტომ ვეძებდი გამარჯვებას, ტიტულები მჭირდებოდა, ამისათვის ვთამაშობ ფეხბურთს. კმაყოფილი და ამაყი ვარ 2018-ით, საუკეთესოთა შორის კი ჩემი ნაკრებისა და კლუბის წყალობით მოვხვდი.

– ადამიანები მესისა და რონალდუს ეპოქის დასასრულზე საუბრობენ. მაგრამ ისინი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კიდევ დიდ ხანს იქნებიან საუკეთესოები?

– დიახ. მათ უნდათ საუკეთესოობა, დიდ გუნდებში თამაშობენ. ამიტომ „კრიშტიანუ-მესი და დანარჩენები“ ერთხანს კიდევ გაგრძელდება. ჩვენ, დაბლა მდგომებმა, მათთან მიახლოება უნდა ვეცადოთ, თუმცა ამას დიდი დრო დასჭირდება.

– ერთმანეთთან შეჯიბრმა ისინი უფრო დიადები გახადა. მათთან კონკურენცია უკეთესს გხდით?

– ყოველთვის ვცდილობ წინა წელთან შედარებით უკეთესი ვიყო. მაგარამ მესი და რონალდუ სხვა დონეზე არიან, სეზონში 50-60 გოლი გააქვთ და მათთან მიახლოება ძალიან ძნელია. შესაძლოა, ერთ სეზონში გავუთანაბრდეთ, მაგრამ არა შემდეგ წელს. საკუთარ თავს დღეს უფრო ნეიმარს, მბაპეს, ლევანდოვსკის ან აზარს გავუტოლებდი.

– როგორი გრძნობაა გაიღვიძო დილით და თქვა: მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ? მაგრამ გაჩერებაც არ შეიძლება. ჯერ სუპერთასი იყო, ახლა ლა ლიგა, სანაკრებო შეკრებაც კარზეა მომდგარი.

– რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, განვითარება უნდა გავაგრძელოთ. წინ ევროპის ჩემპიონატი გველის და შევეცდებით ისიც მოვიგოთ. შემდეგ შევხედავთ, რა მოხდება ყატარის მონდიალზე. გასულ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავდა და ეს კიდევ უფრო გვაიმედებს.

– რუსულ მონდიალზე საფრანგეთი ერთ-ერთი ფავორიტი იყო და გახდა კიდეც ჩემპიონი. მაგრამ ბევრი ძლიერი ნაკრები ადრევე გამოეთიშა ტურნირს. მაინც ვისმა გავარდნამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?

– ბრაზილიის. იმიტომ, რომ ძალიან ძლიერები ჩანდნენ. მგონი მათ შესარჩევში მხოლოდ ერთი თამაში წააგეს, არადა სამხრეთამერიკული საკვალიფიკაციო მატჩები რთული სათამაშოა.

– ბრაზილიის გავარდნამ ნახევარფინალში ოთხი ევროპული ნაკრები დატოვა. როგორ ფიქრობთ, ეს კანონზომიერებაა თუ ერთჯერადი მოვლენა?

– ვფიქრობ, ევროპაში ტაქტიკურად უკეთ განსწავლულები ვართ. ჩვენ გვყავს მწვრთნელები, რომელთაც ტაქტიკაზე ბევრი მუშაობა უყვართ და ვფიქრობ, სწორედ ესაა სხვაობა.

– მსოფლიო ჩემპიონატამდე თქვენ ევრო 2016-ის ფინალში დამარცხდით. რა შეიცვალა ამ ორ წელიწადში?

– ამჯერად მეტად იღბლიანები გამოვდექით. თუ გამარჯვება გსურთ, ცოტა იღბალიც უნდა დაგყვებოდეთ. თუმცა რაღაცეებიც შეიცვალა, ამჯერად შეტევაში მეტი ცეცხლი დავანთეთ და დაცვაშიც უკეთ გამოვიყურებოდით.

– წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ცოტა მოსაწყენი თამაშის გამო აკრიტიკებდნენ. ასევეა ატლეტიკოს შემთხვევაშიც. რაიმე პრობლემას ხედავთ ასეთი სტილით გამარჯვებების გამო?

– ყველაფრის თავი და თავი პეპ გვარდიოლა და მისი ბარსელონაა (იცინის). ყველას უნდა ტიკი-ტაკას და 4-3-3 თამაში, რადგან მათ ყველაფერი მოიგეს. მაგრამ ამ ფილოსოფიის შესასრულებლად სათანადო ფეხბურთელებია საჭირო. ბარსა მათ საკუთარი აკადემიიდანვე აჩვევს ამ სტილით თამაშს.

საფრანგეთში სხვა სტილია, რომელიც ჩვენზე მუშაობს. ასევეა ატლეტიკოში. ჩვენ შეცვლას არ ვაპირებთ.

– ყველაზე უხერხული მეტოქე მონდიალზე?

-პერუ (იცინის). მართლაც ასეა. ამ მატჩმა დაგვარწმუნა, რომ 4-4-2 სისტემით უნდა გვეთამაშა. ჩვენ ხომ თავიდან 4-3-3-ს ვიყენებდით და შემდეგ გადავეწყვეთ.

 

წილი
წინა სტატიაკლოპი მოურინიუს არ აჰყვა
შემდეგი სტატიაყირამალა ჩემპიონი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.