„რუსთავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ქვემოქართლელებს წლის ბოლომდე უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს. მიუხედავად ბოლოდროინდელი არასტაბილური შედეგებისა, მაინც მოულოდნელი იყო რუსთავულ კლუბში სამწვრთნელო ცვლილება, რაკიღა ძალზედ დიდია ამ ქალაქში ვარლამ კილასონიას ფაქტორი.
კილასონიამ გაზაევის წასვლის შემდეგ სოლიდური სამუშაო გასწია გუნდში, თუმც, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მიუხედავად ამისა სამწვრთნელო ცვლილებად სხვა მიზეზი სახელდება.
რუსთავული კლუბის ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ გვითხრა, რომ:
– კილასონია ჩვენი გუნდის წევრია და ასევე დარჩება შემდგომშიც. ის გუნდში რჩება, მასთან სასაყვედურო არაფერი გვაქვს. უბრალოდ ადამიანური მომენტი იყო – ვარლამი გადაიღალა, ამის შესახებ თავად მითხრა და ჩვენ ორმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ერთგვარი ფორსმაჟორული ვითარება შეგვექმნა და ბევრიც არ გვიძებნია შემცვლელი – არჩევანი უჩა სოსიაშვილზე შევაჩერეთ და წლის ბოლომდე სწორედ ის გაუძღვება გუნდს.