„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ვეტერანმა ჰოლანდიელმა მეკარემ 47 წლის ედვინ ვან დერ სარმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიუს გუნდს დიდი წვალება ელის.

პრემიერლიგა სულ სამი ტურის დაწყებულია, „იუნაიტედი” კი თანაქალაქელ „სიტის” უკვე 4 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ლივერპულს” კი ექვსით.

ჟოზე მოურინიუს სამსახური სათუოა. „დეილი ექსპრესი” წერს, რომ მართალია პორტუგალიელს ამ ეტაპზე კლუბის აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მხარს უჭერს, მაგრამ ზინედინ ზიდანის აჩრდილი თავზე ადგას და სიმშვიდეს ურღვევს.

კვირას 2 სექტემბერს მანჩესტერელებს „ბარნლისთან” უწევთ სტუმრობა და დამარცხების შემთხვევაში „განსაკუთრებულს” საქმე შეიძლება განსაკუთრებულად ცუდად წაუვიდეს.

ვან დერ სარმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის” კარს 2007-2011 წლებში იცავდა და 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსისთან” პენალტებით გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, თქვა:

„გასულ სეზონში „იუნაიტედს” „მანჩესტერ სიტისთან” უზარმაზარი ჩამორჩენა ჰქონდა. ცუდად დაიწყო წლევანდელი სეზონიც — პირველი სამი თამაშიდან ორის წაგება მეტისმეტია. ასე რომ, წინ ძალიან რთული ბრძოლებია მოსალოდნელი. პრემიერლიგაში ხომ ბევრი ძლიერი გუნდია. „იუნაიტედს” ურთულესი სეზონი ელის”.

თავისი ყოფილი გუნდის შესახებ ვან დერ სარმა მონაკოში, უეფას მიერ მოწყობილ დაჯილდოების ცერემონიალზე ილაპარაკა. ამავე გალა-წარმოდგენაზე ქველმოქმედებისა და დიდი საფეხბურთო კარიერისთვის უეფას პრეზიდენტის საგანგებო ჯილდო გადასცეს „მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთ ლეგენდას დევიდ ბექემს.

ბექემის შესახებ ვან დერ სარმა ასე თქვა: „მე მას კარგად ვიცნობ. მართალია, ერთად არასდროს გვითამაშია, მაგრამ რამდენჯერმე შევხვედრივარ. ის კარგი ადამიანია. ყველამ კარგად იცის, როგორი იყო ბექემი მოედანზე, მაგრამ ამას გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს ქველმოქმედებას. რამდენიმე წლის წინ მისი საქველმოქმედო ფონდის დაარსებისადმი მიძღვნილ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა”.