ერთი ბაბუა თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი… მეორე ბაბუა ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდა… მამა „დინამოსა“ და „გურიას“ წამყვანი ნახევარმცველი… ძმა ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელი…
ახლა უფრო მარტივად კახი ჟორდანიას შესახებ: ის არის კახი ასათიანისა და ლეო ჟორდანიას შვილიშვილი, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟი. მისი ძმა, ლევანი, ჰოლანდური ერსტედივიზიონის „ეინდჰოვენის“ ფეხბურთელი, თავად კი ცოტა ხნის წინ ამავე ლიგის “დენ ბოსხის” მფლობელი გახდა. მან კლუბის აქციების 99.9 პროცენტი შეიძინა. მართალია, კახის ჰოლანდიის სამეფო საფეხბურთო კავშირთან კლუბის ყიდვასთან დაკავშირებით საქმეები კიდევ მოსაგვარებელი აქვს, თუმც თავადვე ამბობს, ყველაფერი კარგად იქნებაო.
კახი ჟორდანია უცხოურ პრესას ჯერ არ წყალობს, არც ქართულ მედიაში ჩანს… “სარბიელის” გარდა, რომელიც უცხოური კლუბის ერთადერთ ქართველ მფლობელს, თავაზიან ახალგაზრდას „დენ ბოსხის“ მორიგი მატჩის შემდეგ დაუკავშირდა და ეს ინტერვიუ სთხოვა.
საკლუბო ამბების გარდა კახიმ განსაკუთრებით ემოციურად ქართულ ფეხბურთზე და მის მომავალზე ისაუბრა, რაც ასეთი ოჯახის შვილისგან გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს.
– კახი, საიდან და როგორ წამოვიდა კლუბის შეძენის იდეა?
– ფეხბურთი ხომ მთელი ჩემი ცხოვრებაა. შესაბამისად, კლუბის შეძენაზეც რა ხანია ვფიქრობდი და როგორც კი ჩემთვის მისაღები ვარიანტი გამოჩნდა, აღარც შევყოვნებულვარ. სხვა კლუბებზეც იყო შემოთავაზება, მაგრამ ყველაზე კარგი წინადადება სწორედ „დენ ბოსხზე“ მივიღე. თანაც ჰოლანდიური კლუბია, ჰოლანდიურ ფეხბურთს კი მიმაჩნია, რომ კარგად ვიცნობ და მის შესახებ საკმაო ინფორმაცია მაქვს. მამაჩემიც ხომ გარკვეული პერიოდი „ვიტესში“იყო. კლუბის და ზოგადად ფეხბურთის განვითარებისთვის მიმაჩნია, რომ ჰოლანდია იდეალური ქვეყანაა.
– კლუბის აქციების 99.9 პროცენტი გეკუთვნით. 0.1 ვისია?
– აქციების 0.1 პროცენტი, ანუ „ოქროს აქცია“ კლუბის ფანებს იმისთვის რჩებათ, რომ ახალმა მეპატრონემ თავის გემოზე ვერ შეცვალოს საკლუბო ფერები, სახელწოდება, ლოგო…
– გავიგეთ, რომ კლუბის შეძენისას ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირში არის გარკვეული საკითხები მოსაგვარებელი.
– დიახ, ასეა და ამიტომაც არ ვჩნდები ჯერჯერობით არც პრესაში, არც სხვადასხვა თავყრილობებზე. როცა კლუბის პატრონი იცვლება, ცხადია, უნდა დარეგისტრირდეს, თუმცა ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ჰოლანდიაში ამ მხრივ ცოტა რთულადაა საქმე, ბევრი სხვადასხვა პროცედურაა გასავლელი. მოკლედ, ჩემგან „დენ ბოსხის“ შეძენა ჯერ დამტკიცებული არ არის, ასე ვთქვათ, გავრისკე და ხელმოწერამდე მივედი გუნდში. თუმცა, მჯერა, პრობლემები არ შემექმნება. ახლო მომავალში ყველა საბუთი ოფიციალურად გაფორმდება და ყველაფერი კარგად იქნება.
– ახალ გუნდში კი ახალი ინვესტიციებით მიდიან… რას აპირებთ, როგორი იქნება კლუბის მომავალი?
– ეს არის გრძელვადიანი პროექტი და არც თანხის ერთბაშად დახარჯვას ვაპირებთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და შესაბამისად, ჩვენი წამოწყებაც ფრიად მასშტაბური იქნება. პირველ ეტაპზე კი სტადიონის 10 ათასი ადგილიდან 17-19 ათასამდე გაფართოებას ვგეგმავთ. გასაკეთებელია საწვრთნელი ბაზა… წარმატებული პროდუქტის შექმნა გვსურს.
– ამ პროექტში მერაბ ჟორდანია რა დოზით არის ჩართული?
– მამას ნახევარი მსოფლიოდან ურეკავენ და ამა თუ იმ საფეხბურთო საკითხზე რჩევებს თხოვენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს კაცი ჩემს გვერდითაა და ცხადია, ვერც მასზე უკეთეს მრჩეველს ვნახავ.
– „დენ ბოსხში“ ძმის, ლევან ჟორდანიას გადაყვანას ხომ არ აპირებთ?
– სხვათა შორის სურვილი მქონდა, რომ ლევანი ჩვენთან გადმოსულიყო, მაგრამ უარი გვითხრა. ის იმავე ლიგის „ეინდჰოვენის“ ფეხბურთელია, სადაც „დენ ბოსხი“ თამაშობს. ლევანმა კი გვითხრა, რომ ამ სეზონში „ეინდჰოვენში“ დარჩება, ხოლო შემდეგ ვითარების შესაბამისად მოიქცევა. ამ ეტაპზე მას თავის გუნდში დარჩენა უჯობს.
– სხვა ქართველი ფეხბურთელების დამატებაზეც ხომ არ გიფიქრიათ?
– მიფიქრია, როგორ არა… ქართველი ფეხბურთელების მოწვევა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ნელ-ნელა დავალაგებთ სატრანსფერო გეგმას და ჩვენთან ქართველებიც გამოჩნდებიან, თუმც ჯერჯერობით მათი მოწვევა არ მოხერხდა. ისე კი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ფებურთელის ტრანსფერი, სხვასთან შედარებით, ცოტა არ იყოს საძნელო საქმეა, შეზღუდვებია.
– ესე იგი ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატსაც თვალს აქტიურად ადევნებთ…
– რა თქმა უნდა, სხვანაირად წარმოუდგენელია. სისხლში და გულში მაქვს ფეხბურთი, მით უფრო ქართული ფეხბურთი და მის გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია. საქართველოს ჩემპიონატითაც ვარ დაინტერესებული და სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენიანების გამოსვლასაც ვუყურებ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენს ნაკრებს კი უახლოეს ორ მატჩში წარმატებას ვუსურვებ.