ყაზახეთი – საქართველო. 6 სექტემბერს ასტანაში ისეთი მატჩია, ბევრს რომ გადაწყვეტს ერთა ლიგის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში.

საქართველოს ნაკრებს უმთავრეს კონკურენტთან მოუწევს სტუმრად თამაში. მასპინძელი კარგ გუნებაზეა, იქაურ პრესას ხშირად ქედმაღლური ელფერი დაჰკრავს და თავი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ.

ჩვენ კი ცოტა წარსულში გავიხედოთ. თბილისის „დინამო“ და ალმათის „ქაირატი“ – როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში საბჭოეთის დროს?

რა თქმა უნდა, დიდი ჩვენებს დიდი უპირატესობა აქვთ…

45 მატჩი, 22 მოგება, 16 ფრე, 7 წაგება. ბურთები 61:40

გასვლაზე მაინც ჭირდა. მაგალითად, 1984 წელს 0:4 წააგეს ქართველებმა, ხოლო 1988 წელს თასზე, 2:6 შერცხვნენ… 1966 წელს კი სულაც 0:5!

თვალში მოსახვედრია, რომ საჩემპიონო 1964 წელს „დინამომ“ ვერცერთი მატჩი მოუგო „ქაირატს“ – 0:0 და 2:2. მიხეილ მესხს ბოლო წუთზე გაუტანია და ამით გადაურჩენია ქულა. ზოგადად, დინამოელებს გასვლაზე ალმაათაში საკმაოდ უჭირდათ.

ახლა ქუთაისის „ტორპედოზე“. უშუალოდ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში  „ტორპედოსა“ და „კაირატს“ სულ 6-ჯერ უთამაშიათ ერთმანეთში. ეს იყო 1982-1984 წლებში. სხვა დროს, ან ისინი იყვნენ გავარდნილები, ან ქუთაისელები.  ამ 6 შეხვედრაში კი „ტორპედომ“ 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, 3 წააგო. ბურთები 6:8.

ლანჩხუთის „გურია“? ერთი სეზონი გაატარა საბჭოეთის უმაღლეს ლიგაში და „ქაირატს“ არ დაეჩაგვრინა. სტუმრად 0:1 წააგო, შინ კი 2:0 სძლია.   

ვიცით, დღეს არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც. ფეხბურთში საქართველო და ყაზახეთი ისე იყვნენ, როგორც არწივი და შაშვი, გუნდებიც აშკარად სხვადასხვა კალიბრისა ჰყავდათ. ეს მერე, XXI საუკუნეში გაგვითანაბრდნენ საკლუბო ამბავში, შემდეგ კი გაგვისწრეს. სანაკრებოზე კი ვნახავთ. ჩვენ თუ გვკითხავთ, იყვნენ ყაზახები ქედმაღლურად – ასე აჯობებს.