მოჰამედ სალაჰი ცხვირაწეული და უკარება არ არის, უბრალოდ გადარიეს კაცი და ამიტომაც ამბობს, თუ ჩემს მიერ 23 აგვისტოს წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 2 სექტემბერს ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტისა და მთელი შემადგენლობის გადადგომას მოვითხოვ და თუ 5 დღეში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, 7 სექტემბერს ხალხს ავაჯანყებო.

მართლაცდა როგორია, როდესაც ნაკრებში სათამაშოდ ჩადიხარ, იქ კი ელემენტარული მოსვენებისა და მომზადების საშუალებას არ გაძლევენ. განა შეიძლება, სასტუმროში, ღამის 2 ან 4 საათზე გულშემატკივრები თავისუფლად შედიოდნენ და ვარსკვლავს კარზე უკაკუნებდნენ, ავტოგრაფი მომეციო? ბოლო შეკრების დროს „ლივერპულის” თავდამსხმელმა დილის 6 საათამდე ვერ დაიძინა და შემდეგ ვერც სასტუმროს ჰოლში ჩავიდა, რადგან იქ ზღვა ხალხი ელოდა.

ამიტომაც გააშანშალა სალაჰის ვექილმა რამი აბასმა ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ჰანი აბო რიდას სახელზე მოთხოვნების არზა. საწყალმა ფეხბურთელმა კი დაამატა, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ხალხისთვის ავტოგრაფების ჩამორიგება მეზარება ან მეთაკილება, უბრალოდ სხვანაირად შეუძლებელიაო.

მოთხოვნები კი ასეთია:

  • ასოციაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხალხი მოჰამედ სალაჰის სასტუმროსთან არ ჯგუფდებოდეს, ღამის საათებში ავტოგრაფის სათხოვნელად ნომერთან ვერ მდიდიოდეს და ვარჯიშებზე ფეხბურთელის გარშემო არ ქუჩდებოდეს.
  • სალაჰს მუდამ უნდა ახლდეს დაცვა, ორი კაცი. ისინი სულ მისი სასტუმროს ოთახის გარეთ უნდა იდგნენ და კიდევ რამდენიმე კაცი სართულზე, ლიფტს უნდა აკონტროლებდეს.
  • სალაჰის ნომერში ტელეფონით დარეკვა შეუძლებელი უნდა იყოს.
  • სალაჰი არ უნდა ატარონ ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის ეგიდით დანიშნულ ინტერვიუებზე, შეხვედრებზე, სარეკლამო ღონისძიებებზე, სპონსორულ საღამოებზე და სხვა.
  • სანაკრებო შეკრებებზე ჩასულ სალაჰს უნდა ხვდებოდნენ თვითმფრინავთან და რაც შეიძლება მალულად მიჰყავდეთ პირდაპირ სასტუმროში.
  • ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის არც ერთმა თანამშრომელმა ან ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირმა არ უნდა თხოვოს სალაჰს ავტოგრაფი და სურათის გადაღება.
  • სალაჰის იმიჯი არ უნდა გამოიყენოს ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის რომელიმე სპონსორმა.

ყურადღება მიაქციეთ ბოლო პუნქტს. საქმე ის არის, რომ ეგვიპტის ნაკრების თვითმფრინავს, რუსეთში, მოჰამედ სალაჰის სახე კორპორაცია WE-ს რეკლამად ჰქონდა გამოყენებული, მაშინ, როდესაც საკუთრივ ფეხბურთელს კონკურენტ  Vodafone-თან აქვს კონტრაქტი.

ახლა ისღა დაგვრჩენია დავიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.