„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 წააგო და გამწარებულმა ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები დაცოფა. პორტუგალიელი, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნება ნამდვილად აღარ აქვს გარანტირებული, შინ დიდი ანგარიშით მარცხის გამო განაწყენებული იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მას ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტებმა ფანების რეაქციაზეც ჰკითხეს.

„მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი მთელი 25 წელია არ ჰქონია. გულშემატკივრის უმეტესმა ნაწილმა თამაში ბოლომდე აღარ ნახა.  ძველი ინგლისური ტრადიციისამებრ საფინალო სასტვენის შემდეგ თავისი ფეხბურთელებისთვის ტაშის დასაკრავად „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნებზე ცოტა ხალხი დარჩა.

როდესაც მოურინიუს ფანების საქციელზე ჰკითხეს, ის გაბრაზდა და ხმას აუწია:

„ფეხბურთში საკეთესო შემფასებელი გუნშემატკივარია. მანჩესტერის ცენტრიდან აქამდე ორი საათი რომ მემგზავრა და მერე გუნდს 3:0 წაეგო, მეც ასე მოვიქცეოდი. მე იქ ვცხოვრობ და ვიცი, თამაშების შემდეგ რაც ხდება ქუჩებში — თქვენ კი რაღაცას ცდილობთ, ცდილობთ, ცდილობთ.

გასულ სეზონში აქ „სევილიასთან” დავმარცხდით და მაყურებელმა გვისტვინა, რასაც ვიმსახურებდით. დღეს კი ფეხბურთელებს ტაში დაუკრეს, მიუხედავად იმისა, რომ შინ დამარცხდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ეს დაიმსახურეს. თქვენ კი რაღაც ცდილობთ, ცდილობთ, ცდილობთ”.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა შეებრუნებინა სცადა, მაგრამ მოურინიუმ არ აცადა:

„ხომ იცით თამაში როგორ დამთავრდა? 3:0. მაგრამ, რიცხვი 3 ჩემს მიერ მოგებული პრემიერლიგის ტიტულების რაოდენობაც არის. მე უფრო მეტჯერ მაქვს ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოგებული, ვიდრე პრემიერლიგის დანარჩენ 19 მწვრთნელს. მე სამჯერ გავხდი ჩემპიონი, ისინი — ორჯერ (პეპ გვარდიოლა და მაურისიო პელეგრინი)”.

მოურინიუ პრეს-კონფერენციის მსვლელობისას ყვირილით იმეორებდა სიტყვას „პატივისცემა”.

რამდენიმე დღის წინ, მატჩისწინა პრეს-კონფერენცია მოურინიუმ 5 წუთში დაასრულა.