ისტორიას მხოლოდ ტრიუმფატორები არ ქმნიან. ხანდახან მწარე მარცხიც კი კმარა საამისოდ. გუშინ სიმონა ჰალეპი აშშ-ის ღია პირველობის ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პირველსავე წრეში რომ გამოეთიშა ტურნირს. ასეთი რამ US open -ს აქამდე არ ახსოვს.
იმ წუთისთვის, როცა სიმონამ ჩოგანი ჩააშალითა, ტურნირი სულ საათნახევრის დაწყებული იყო. აშშ-ის პირველობა საუკეთესო მეჩოგნის გარეშე ესტონელმა კაია კანეპიმ დატოვა. ძალუმად ჩოგნაობის მიმდევარი კაია ამჟამად მსოფლიოში 44-ე კია, მაგრამ კარიერაში ბევრი სუპერმეტოქის ცოდვა აქამდეც დაუდია. ამჯერად სიმონა 6:2, 6:4 დაჩაგრა.
ჰალეპი მართლაც ძალიან დიდი მეჩოგნეა და ექსპერტების ვარაუდით, შემთხვევითი პირველი ნომრობიდან სრულ დომინანტობამდე ნაბიჯიღა აშორებს. რეიტინგში მისი უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ამ მარცხის მიუხედავადაც კი პირველობას ამერიკული სლემის დასრულების შემდეგაც ვერავინ შეეცილება. რაც შეეხება „დიდი მუზარადის“ სხვა ტურნირების პირველ წრეში დამარცხებულ პირველ ნომრებს, ამგვარი რამ ავსტრალიაში ვირჯინია რუზიჩს, უიმბლდონზე შტეფი გრაფს, როლან გაროსზე ანჟელიკ კერბერსაც შემთხვევიათ. ამ ამბავში კი „ჩემპიონი“ მარტინა ჰინგისია, ვინაც პირველჩოგნობისას პირველივე წრიდან ორჯერ გამოაძევეს და ეს ორჯერვე უიმბლდონზე მოხდა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ US open-ის პიორველი წრის ბარიერი პირველადვე დაძლია ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვინც ხუთსეტაინ მატჩში სლოვენიელი ალიანც ბედენე დაამარცხა – 6:2, 4:6, 6:2, 2:6, 6:4. ჩვენიანის მომდევნო, ხვალინდელი მეტოქე ამერიკელი, მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი იქნება.