იგორ კოშმანი ეგებ „სამტრედიის“ ვრცელ ისტორიაში ვერც მოხვდეს, მაგრამ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გმირი რომ იქნება, უეჭველია.

„სამტრედიას“ თითქმის ნახევარი წელიწადი არ მოეგო, უფრო სწორად ზუსტად – 174 დღე… პირველ ტურში, 5 მარტს, იმერლებმა თბილისში „ლოკომოტივს“ 2:1 მოუგეს და მას მერე გამარჯვების სიხარული აღარ განეცადათ. მერე მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი ბადრი კვარაცხელიამ შეცვალა, ზაფხულში კი გუნდს გია ცეცაძე ჩაუდგა სათავეში. ჯერ თქვეს, ევროთასებზე დაეხმარებაო. მაგრამ, როგორც ჩანს, სეზონს ჩაამთავრებინებს.

23 წლის უკრაინელმა იგორ კოშმანმა კი „კოლხეთს“ 26-ე წუთზე გაუტანა. ჯაბა ლიპარტიამ კარგად შენიშნა მარცხნივ გახსნილი კოშმანი, დროულად მიაწოდა ბურთი, ამას კი ეფექტური რეიდი გამოუვიდა, სისწრაფეში დაჯაბნა მეტოქე გიგა ჭეიშვილი, მეკარესთან პირისპირ დარჩა და პირველი გოლი გაიტანა სამტრედიელთა მაისურით. ეს გოლი გამარჯვებისა აღმოჩნდა.

ამავე მატჩში უკვე დამატებულ წუთებზე ფოთელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ სხვაგვარად განსაჯა. შეკამათებებმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ არბიტრმა სათადარიგოთა სკამიდან ფოთელი ლაშა მჭედლიშვილი გააძევა. ეს მე-20 გაძევება გახლდათ სეზონში, ხოლო ფოთელებმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგეს.

წინა ტურში „დილასთან“ საშინაო წაფორხილების შემდეგ, ლიდერმა „საბურთალომ“ გაგი მარგველაშვილისა და დათო ვოლკოვის გოლებით „რუსთავი“ 2:0 დაამარცხა და უშუალო მდევარ „დინამოს“ უკვე 8 ქულით გაუსწრო, თუმცა დინამოელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული (თბილისის „დინამო“ „ტორპედოსთან“ მოგვიანებით ითამაშებს).

სანდრო ალთუნაშვილის შეჩერება რუსთაველებს გაუჭირდათ

შაბათს კი ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. სამეულში მოხვედრის ერთ-ერთმა კანდიდატმა, „ჩიხურამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა „ლოკომოტივთან.“ რკინიგზელებმა 3:2 იმარჯვეს, მათმა შუახაზელმა ოთარ კობახიძემ დუბლი მიითვალა. ეს 22 წლის კობახიძის მეორე დუბლი გახლდათ სეზონში, სულ კი წლევანდელ გათამაშებაში ფეხბურთელებმა 25 დუბლი გაახერხეს.

ტური ისევ გამოტოვა „ტორპედომ“, რომელიც „ლუდოგორეცთან“ ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, მათი პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ ბულგარელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისელები „ლუდოგორეცს“ ბულგარეთში 30 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

22 ტური: ლოკომოტივი 3:2 ჩიხურა, რუსთავი 0:2 საბურთალო, სამტრედია 1:0 კოლხეთი, დილა 0:0 სიონი, დინამო – ტორპედო გადაიდო.

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

23 ტური
31 აგვისტო: ჩიხურა – დინამო, საბურთალო – ლოკომოტივი
1 სექტემბერი: კოლხეთი – დილა
2 სექტემბერი: სიონი – რუსთავი, ტორპედო – სამტრედია

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 13, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, ლეანდრო რიბეირო, მიკოლა კოვტალიუკი (ორივე – დილა) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) – 9

წილი
წინა სტატიავაისის ყაზახურ-ლატვიური
შემდეგი სტატიააზარს არ ეშინია
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.