2018 წლის იანვარში, ანუ კალენდარული წელი რომ იწყებოდა, სიმონ მინოლე ჯერ კიდევ „ლივერპულის” მთავარი მეკარე იყო. მეტიც, იანვრის პირველ შეხვედრაში, „ბარნლის” წინააღმდეგ, რომელიც მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს, ბელგიელი გუნდს კაპიტნობდა. მაგრამ აი, გავიდა ცხრა თვე და სათადარიგოთა სკამზე ჩაკარგული მინოლე იურგენ კლოპზე გაბრაზებულია.

გასული სეზონის ბოლოს კლოპმა მას გერმანელი ლორის კარიუსი ამჯობინა — კარიუსი ის მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა და „რეალის” გამარჯვებაში „წვლილი” შეიტანა. ამ ზაფხულს კი „ლივერპულმა” „რომასგან” 62,5 მილიონ ევროდ ბრაზილიელი ალისონ ბეკერი შეიძინა და შედეგად, ერთი ხნის წინ, 30 წლის მინოლე „წითლების” მესამე მეკარედაც კი ჩამოქვეითდა.

როდესაც ბელგიელმა შეამჩნია, რომ მისი საქმე ცუდად მიდიოდა, სხვა გუნდში გადასვლა ითხოვა. როგორც ამბობენ ჰქონდა კიდეც იჯარის ვარიანტები, მაგრამ „ლივერპულმა” არ გაუშვა. და აი, უცებ, მან შეიტყო, რომ ლორის კარიუსი, რომელიც კლოპმა გაზაფხულზე რატომღაც მასზე წინ დააყენა, ორი წლით „ბეშიქთაშში” გაუშვეს. სხვა სიტყვებით, კარიუსი თურქეთის ჩემპიონატში ითამაშებს, ის კი კვლავ „ენფილდ როუდზე” უნდა დარჩეს და სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, რადგან ძირითადში ალისონი ოქნება — 62,5 მილიონი ევროს გადახდას გამართლება ხომ უნდა.

„როდესაც გავიგე, რომ კარიუსი „ბეშიქთაშში” გაუშვეს ძალიან მეუცნაურა, — უთხრა გაბრაზებულმა მინოლემ Het Laatste Nieuws-ს, — მეც მქონდა იჯარით სხვაგან გადასვლის ვარიანტები, მაგრამ რატომღაც წამიყრუეს. არავინ გამაფრთხილა რომ კარისუსი სხვაგან გადადიოდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის მთავარი თამაშია. თუკი მათამაშებენ პირველი მეკარე მერქმება თუ მეორე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მოედანზე გატარებული წუთებია. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ ტურში. ჯერჯერობით არ ვიცი როგორი მაქვს თუ არა მომავალი „ლივერპულში”.