ანდერ ერერამ როგორ ჩანს სურვილი აისრულა — „მანჩესტერ იუნაიტედი” მას ორი წლით გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიუს ხელში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა აქვს, 29 წლის ბასკ ნახევარმცველს „ოლდ ტრეფორდზე” უნდოდა დარჩენა და აი, კლუბის ხელმძღვანელები სექტემბერში, სანაკრებო წყვეტის პერიოდში მას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას დაჰპირდნენ.

ამჟამად მოქმედი კონტრაქტის ვადა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს, მაისში ეწურება. თუკი „იუნაიტედი” მას ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს, ზაფხულზე ისე დაკარგავს, რომ კაპიკსაც ვერ გამორჩება. სწორედ ამ მერკანტილურმა მომენტმა აიძულა კლუბის ბოსები ერერას კონტრაქტის გახანგრძლივებას შეჰპირებოდნენ.

2014 წელს, როდესაც ანდერ ერერა „ბილბაოდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, ინგლისურმა კლუბმა მასში 28.8 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

ორი სეზონის წინ კი ის „წითელი ეშმაკების” წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ერერა მანჩესტერელ გულშემატკივარს შეუყვარდა და ისიც, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კლუბები ეპატიჟებოდნენ, „ოლდ ტრეფორდის” ერთგული დარჩა.

ახლა საინტერესოა, რატომ უხანგრძლივებს „იუნაიტედი” ბასკს კონტრაქტს, რომ გაყიდოს თუ მის დატოვებას აპირებს.