ევროლიგის 2017-18 წლების საუკეთესო მოთამაშე სამიდან ერთი ერთი გახდება: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი ან დიმიტრი პაიე. ასეთი გახლავთ უეფას მიერ გასაჯაროებული შორთ-ლისტი.
ფინალში, როდესაც „ატლეტიკომ” ევროლიგის თასი მოიპივა, ანტუან გრიზმანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან „მარსელის” კარში სამიდან ორი გოლი გაიტანა. მისი თანაგუნდელი დიეგო გოდინი კი მადრიდელთა დაცვის ლიდერი იყო; დაცვისა, რომელმაც შეჯიბრებაში სულ 4 გოლი გაუშვა.
ლიონში გამართული ფინალური შეხვედრა საუკეთესო ფეხბურთელობის მესამე კანდიდატისთვის, დიმიტრი პაიესთვის უიღბლო გამოდგა. ის დაშავდა და 32-ე წუთზე შესაცვლელი გახდა, ხოლო „მარსელმა”, როგორც ზემოთ ვთქვით, 0:3 წააგო. ამის მიუხედავად, ევროლიგის შეხვედრებში პაიეს შესანიშნავი თამაში ეჭვგარეშეა. ამაში ყველა დაგვეთანხმება, ვინც „ლაიფციგსა” და „ბილბაოსთან” გატანილი მისი გოლები ნახა.
საუკეთესო ფეხბურთელს 31 აგვისტოს, მონაკოში, ევროლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყირის დღეს დაასახელებენ.
გთავაზობთ ნომინანტთა უეფას მიერ მოწოდებულ მოკლე სტატისტიკას:
დიეგო გოდინი: 8 თამაში, 720 წუთი, 4 გაშვებული გოლი, 4 კარის გადარჩენა.
ანტუან გრიზმანი: 8 თამაში, 630 წუთი, 6 გოლი, 4 საგოლე პასი.
დიმიტრი პაიე: 12 თამაში, 812 წუთი, 3 გოლი, 7 საგოლე პასი.
4-10 ადგილებზე გავიდნენ: იან ობლაკი (ატლეტიკო) – 43 ქულა; ჩირო იმობილე (ლაციო) – 46; არიც ადურისი (ბილბაო) და კოკე (ატლეტიკო) – 16; ლუის გუსტავო და ფლორიან ტოვანი (ორივე მარსელი) – 10; სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) -8.
ფეხბურთელებს ხმა მისცა ევროლიგის მონაწილე 48 გუნდის მწვრთნელმა და ევროპული სპორტული მედიის ჯგუფის (ESM) მიერ წარდგენილმა 55-მა ჟურნალისტმა.
ჟიურის წევრების მიერ პირველ ნომრად დასახელებულ მოთამაშეს ენიჭებოდა 5 ქულა, მეორეს — 3 და მესამეს —1.
მწვრთნელებს თავიანთი გუნდის ფეხბურთელების დასახელება ეკრძალებოდათ.