ევროლიგაში პირეუსის „ოლიმპიაკოსმა” „ბარნლის” 3:1 მოუგო, თამაშის წინ კი ადგილობრივმა გულშემატკივარმა ინგლისელი ფანი დაჭრა. ინგლისელს ფეხზე ნაკერები დაადეს. როგორც ბრიტანული პრესა წერს ათენში კიდევ სამი სტუმარი გულშემატკივარი გაქურდეს.
მასპინძლებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ. ოცდასამი მათგანი ქალაქის პოლიციაში მოხვდა. მიზეზს დიდი მიხვედრა არ უნდა — მთვრალი დებოში.
ჩამოთვლილი ინციდენტების ამბავი „ბარნლიმ” თავის საიტზე დაწერა. როგორც ირკვევა პრემიერლიგის კლუბმა, რომელიც ახალ ჩემპიონატში ორი ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა, ხოლო გასულ სეზონში მე-7 პოზიციაზე იყო, საბერძნეთში სულ 900 ქომაგი წაიყვანა.
„ბარნლის” მწვრთნელი შონ დაიჩი მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო, რომ „ოლიმპიაკოსის” მოთამაშეები და მწვრთნელები მსაჯზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. მასპინძლები პირველ ტაიმში არბიტრ სლავკო ვინჩიჩით უკმაყოფილონი ყოფილან და დაიჩის თქმით, შესვენებისას დაპირისპირებიან კიდეც მას.
დაიჩი: „ერთ ეპიზოდში მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, არადა არანაირი პენალტი არ იყო. ვერც კი დავთვალე მოედანზე იმდენი ადამიანი შეცვივდა და მსაჯს შემოეჯარა. შესვენებისას კი ათასნაირი სცენის მოწმე გავხდი. მაგალითად ისინი გასახდელში არბიტრს ჩაუსაფრდნენ. თან ამ ჩასაფრებულ ხალხში მარტო ფეხბურთელები და გუნდის სხვა წევრები კი არა, სტადიონზე მოქმედი სხვადასხვა ოფისის წარმომადგენლებიც იყვნენ. ჩაის მომტანი ქალიც კი დავინახე. და შედეგად, მეორე ტაიმი სხვანაირი გამოვიდა. ასეთ დროს რჩები ხახამშრალი”.