უცნაური ტური გამოდგა 21-ე. ოთხი მატჩიდან სამი 0:0 დამთავრდა და მხოლოდ ორი გოლი გავიდა „სიონი“ – „კოლხეთის“ შეხვედრაში.

ეს იყო და ეს. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა სტატისტიკა „ტორპედო“ – „ლოკომოტივის“ მატჩი რომ არ გადადებულიყო, მაგრამ ფაქტი ერთია – წლევანდელ სეზონში ყველაზე უსახური ტური ვიხილეთ.

არადა, რა დაემართათ, ახლადდამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ამათ არ უთამაშიათ რომ გადაღლილიყვნენ. პირიქით, მთელი თვე შესვენება ჰქონდათ და წესით, ენერგიით სავსე უნდა იყვნენ.

მაგრამ არა – ბურთის აქეთ-იქით გორება და მოსაწყენზე მოსაწყენი ბურთაობა.

სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა.

აქამდე, ყველაზე ნაკლებგოლიანი ტური მე-15 გახლდათ ივნისის შუაში, როცა ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 6 ბურთი გავიდა.

ტურის მთავარი მატჩი კი ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ კვირას გაიმართა. წინა დღეს მეორეადგილოსანმა „დინამომ“ აუტსაიდერ „სამტრედიასთან“ ქულები დაკარგა და ლიდერ „საბურთალოს“ შანსი გაუჩნდა მდევარს უფრო მეტად გაქცეოდა. თუმცა, მეტოქედ გორის „დილა“, ჰყავდა, გუნდი, რომელიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვის. ეგ არის, რამდენიმე დღის წინათ გუნდიდან მწვრთნელი გიორგი დარასელია წავიდა და მის მაგიერ გუნდს გიორგი შაშიაშვილი წვრთნის, რომელიც მანამდე დარასელიას თანაშემწე იყო.

ბუდუ ზივზივაძე (ბურთით) ყოფილ თანაგუნდელებთან ვერას გახდა. ბადრი კეთილაძის ფოტო

ამჯერად მინდორზე პირველი წუთიდან ვიხილეთ საქართველოში დაბრუნებული ვლადიმერ დვალიშვილი („საბურთალო“) და გოგიტა გოგუა („დილა“). დვალიშვილს დასაწყისშივე შეექმნა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა. აი, გოგუამ კი ძველი გოგუა გაგვახსენა. თავს არ ზოგავდა და ზოგჯერ სიხისტე უხეშობაში ეზრდებოდა. მე-7 წუთზევე გააფრთხილეს  და მერეც არ ერიდებოდა ძალისმიერ ორთაბრძოლებს. ასე ვთქვათ, წითლის ზღვარზე თამაშობდა, თუმცა ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა.

ლადო დვალიშვილი (ბურთით) ეროვნულ პირველობას დაუბრუნდა

ამ შეხვედრაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. 75-ე წუთზე საბურთალოელთა რიგებში გიორგი კოხრეიძის ნაცვლად დავით თარგამაძე გამოჩნდა – საქართველოს ნაკრების ყოფილი იმედი, რომელიც ბოლო წლებში თვალთახედვიდან დაიკარგა.

28 წლის თარგამაძეს თითქმის ათწლიან კარიერაში, გერმანულ „ფრაიბურგში,“ უკრაინულ „ოლეკსანდრიასა“ და „მარიუპოლში“ უთამაშია.

გერმანული გამოცდილების კაცია, ქართული გუნდის მაისურა კი კვირას პირველად მოირგო. იმედია, დათო ისევ გაგვახსენებს თავის ცნობილ, სწრაფ რეიდებს და ეროვნულ გუნდშიც დაბრუნდება.

ბოლოს ორიოდ სიტყვა „ტორპედოზეც“ ვთქვათ. ქუთაისელებმა ეროვნული ლიგის  სამი ტური გამოტოვეს და 26 აგვისტოს „დინამოსთან“ გასამართ კლასიკოსაც დააკლდებიან. მიზეზი ცნობილია – ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპი.

ახლა ისინი ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ პირველი საპლეიოფო მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც მომავალ ხუთშაბათს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ხომ ერთი ნაბიჯიღაა. წარმატებები ქუთათურებს.

21 ტური: სიონი 2:0 კოლხეთი, ჩიხურა 0:0 რუსთავი, დინამო 0:0 სამტრედია, საბურთალო 0:0 დილა, ტორპედო – ლოკომოტივი გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

*კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა

22-ე ტური

25 აგვისტო: ლოკომოტივი – ჩიხურა, რუსთავი – საბურთალო

26 აგვისტო: სამტრედია – კოლხეთი, დილა – სიონი, დინამო – ტორპედო გადადებულია

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 12, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი) – 11, მიკოლა კოვტალიუკი, ლეანდრო რიბეირო (ორივე – დილა) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) – 9

 

წილი
წინა სტატიაძირს ქალები!
შემდეგი სტატიამადლობა ხომ არ გვეთქვა?
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.