უკვე ერთი თვეა, რაც კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და ეიფორია მოჰყვა. ტურინელთა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ ეიფორიას კარგად ხედავს და ამბობს: „ძალიან კარგია გულშემატკივრები რომ ოცნებობენ, მაგრამ ჩვენ ფეხებით მყარად უნდა ვიდგეთ მიწაზე”.

ხვალ, 18 აგვისტოს რონალდუთი გაძლიერებული „იუვე” პირველად წარდგება იტალიური და მსოფლიო აუდიტორიის წინაშე — სერია A იწყება! „ბებერი ქალბატონი” ვერონაში „კიევოსთან” თამაშით იწყებს. კლუბის გარშემო ყველაფერი კარგად არის: მარკეტინგული შემოსავალი დიდია, ხალხის ყურადღებას ხომ ნუღარ იტყვით. კრიშტიანუ რონალდუ გუნდს კარგად შეეწყო, პირველ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ფაქტობრივად მოედანზე ფეხის შედგმისთანავე გოლი გაიტანა.

რაც შეეხება პირად მხარეს: კრიშტიანუ, მისი ესპანელი სატრფო ხეორხინა როდრიგესი და ოჯახის სხვა წევრები ტურინის შორიახლოს, მთებში, განცალკევებით მდგომ და დაცულ სახლში დასახლდნენ. ეს არის თანამედროვე ნაგებობა დიდი ფანჯრებითა და რვა საძინებლით. რონალდუ და მისი ოჯახი მეორე სართულზე იცხოვრებენ, სტაფი კი პირველ სართულზე დაბინავდება. აქვე იქნებიან მზარეული, დიეტოლოგი და ფიზიოთერაპევტიც. ის, რომ სახლს სავარჯიშო დარბაზი, ღია და დახურული აივნები აქვს, თავისთავად იგულისხმება.

ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ვისაც ჯერ არს სთხოვა, რომ საცხოვრებლისკენ მიმავალ გზაზე ახალი ზედაპირი დაეგოთ, რათა ორმოებს მისი ძვირიანი მანქანები არ დაეზიანებინა.

ასევე ამბობენ, რომ რონალდუს ახალ გუნდთან შეგუების პერიოდმა მალე და უმტკივნეულოდ ჩაიარა. ჯერ ერთი პორტუგალიელი რამდენიმე მოთამაშეს ადრიდანვე იცნობდა, გარდა ამისა, ის იტალიურად ლაპარაკს ახერხებს და მესამეც, კრიშტიანუ კომუნიკაბელური ადამიანი ყოფილა.

კიდევ რონალდუ იმით არის ცნობილი, რომ დიდი ვარსკვლავობის მიუხედავად საწვრთნელ ბაზაზი პირველი მიდის და შინ ბოლო ბრუნდება. ალბათ, ამიტომაც არის დიდი ვარსკვლავი.

გამოიკვეთა, რომ ის და არგენტინელი ნახევარმცველი პაულო დიბალა მოედანზე შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ამბობენ, რომ „იუვენტუსში” ახალ ოცნების გუნდს ეყრება საფუძველი. დიბალამ და რონალდუმ სოციალურ ქსელებში ერთად გადაღებული სურათები გამოფინეს.

როგორც ჩანს, ტურინში პორტუგალიელი ყველას მოსწონს. „გაზეტა დელო სპორტმა” დიდი სათაურიც კი დაწერა ChristiAMO (კრისტიამო) — მიგეხსენებათ „ტი ამო” იტალიურად ნიშნავს “მე შენ მიყვარხარ”!