ჩინებული ბურთაობა იყო ტალინში. მადრიდის “ატლეტიკოს” მონაწილეობით მატჩები, ზოგადად, უხვგოლიანობით არასოდეს გამოირჩევა და აქ ერთბაშად ექვსი! ამ ექვსიდან ოთხი კი ვინმე “ოსასუნას” კი არა, “რეალის” კარში გავიდა. როგორი გვეჩვენა ურონალდუო “სამეფო კლუბი” ან რა სიახლე შევნიშნეთ დიეგო სიმეონეს მგლების თამაშში, ცალკე წერილის თემა იყოს, მანამ კი, პირველ რიგში, სტატისტიკი მოყვარულების გულები მოვიგოთ:
● ხულიან ლოპეტეგი ბოლო 11 წლის მანძილზე პირველი მწვრთნელია, რომელიც “რეალის” მესაჭის რანგში სადებიუტო მატჩში დამარცხდა. აქამდე მსგავსი ფარცაგი 2007 წლის 11 აგვისტოს ბერნდ შუსტერს შეემთხვა, რომლის “რეალმაც” ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში “სევილიასთან” ვერა გააწყო.
● როგორც წესი, “რეალი” ფინალებს არ აგებს. ბოლო სამი წაგებული ფინალი “სამეფო კლუბს” თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” ჰქონდა. 2013 წ – ესპანეთის თასის ფინალი. 2014 წ. ესპანეთის სუპერთასის ფინალი. 2018 წ. ევროპის სუპერთასის ფინალი.
● დიეგო სიმეონემ “ატლეტიკოსთან” ერთად უკვე 7 ტიტული მოიგო და კლუბის ისტორიაში ყველაზე ხელხვავრიელი დამრიგებელი შეიქნა.
ეს სულ სტატისტიკა იყო და კიდევ ერთი ინტრიგა მაშინ გაჩნდა, როცა “ატლეტიკოს” კარში პენალტი დაინიშნა. ვინ დაარტყამს: ბეილი თუ რამოსი? ბეილის მოლოდინი იყო, მაგრამ ნიშნულთან რამოსი მივიდა.
არადა, როგორია: მადრიდული კარიერის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს “ლა ლიგაში” – 61, ჩემპიონთა ლიგაში კი 15 პენალტი აქვს გატანილი. ერთია, მატჩისშემდგომ საპენალტე ლატარეაში მონაწილეობა და მეორე – მატჩის გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თუმცა, სერხიო რამოსს პენალტების ერთი სერია განსაკუთრებით მწარედ ახსოვს.
2012 წელს “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში… ნავსიანი საღამო იყო. მაშინ რონალდომაც ააცილა, კაკამაც, კროოსმაც, ლამმაც, მაგრამ რამოსმა კარს იმდენით გადააცილა ბურთი, ინტერნეტში საშაყიროდ თამაში “ენგრი რამოსიც” კი გაჩნდა. დაიბოღმა მაშინ სერხიო და ხმამაღლა განაცხადა, მომდევნო პენალტს პანენკას სტილში გავიტანო.
…მომდევნო შანსი ევროპის იმავე წლის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან პენალტების სერიისას მიეცა. მანამდე ორი თვე თავდაუზოგავად ვარჯიშობდა პენალტების დარტყმაში, მაგრამ როცა ხესუს ნავასს და რაულ ალბიოლს გადაულაპარაკა “მომენტი დადგა”, თანაგუნდელებს შეაჟრიალათ. რამოსი მივიდა ნიშნულთან. ბურთი გაასწორა, მოკლე გამორბენის ბოლო ნაბიჯი გრძელი და სატელევიზიო გამეორებასავით შენელებული შეასრულა, მეკარის რეაქციას დაელოდა და ბურთი მეორე კუთხეში გაგზავნა.
ზუსტად იგივე შეუსრულა რამოსმა “ატლეტიკოს” კარის დარაჯ ობლაკას და რონალდუს მემკვიდრეობა გადაიბარა. არადა, ესპანეთის ნაკრებში ხულიან ლოპეტეგი მას სულაც არ განიხილავდა შტატიან პენალტისტად. სერხიოს “რეალში” აქამდე 7 პენალტი ჰქონდა გატანილი, რაც კრიშტიანუს მონოპოლიის ეპოქაში სულაც არ იყო ცუდი მონაგარი. “ბევრს ეგონა, “ბაიერნთან” გაფუჭებული პენალტის შემდეგ ფსიქოლოგიურად გავტყდებოდიდა ნიშნულთან აღარასდროს მივიდოდი. პირიქით: მიყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და დამტკიცება, რომ “ფოლადის კვერცხები” მაქვს” – სერხიო რამოსი.