ამ უქმეებზე ევროპული სარაგბო სეზონი სტარტს საფრანგეთში იღებს, სადაც პრო დ2-ის ჩემპიონატი იწყება. წლეულს ამ ლიგაში მოასპარეზე 16 გუნდის შემადგენლობაში თითქმის 3 ათეული ქართველი ითამაშებს.
ტოპ 14-ში მიჯრით გატარებული 5 სეზონის შემდეგ, „ბრივი“ პრო დ2-ში დაქვეითდა და გასულ წლებში ამ გუნდის ღირსებას სამი ბორჯღალოსანი იცავდა – კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე. სამხრეთ საფრანგეთში მდებარე პატარა ქალაქის გუნდში კარსმომდგარ სეზონში ქართველთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ხსენებულ სამეულს დაემატნენ მსოფლიოს 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატზე თავგამოჩენილი 19 წლის ბურჯი ლუკა ჯაფარიძე „ლელო-სარასენსიდან“, 21 წლის უნივერსალი პირველხაზელი ლუკა გოგინავა პარიზის „რასინგიდან“ და 22 წლის ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე „კლერმონიდან“.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ორ უკანასკნელს „ბრივის“ ახალი დამრიგებელი, ირლანდიელი ჯერემი დევიდსონი სოლიდურ სათამაშო დროს მისცემს, რადგან წინასასეზონო მატჩებში ერთიც და მეორეც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ახალი აკვიტანიის, საფრანგეის ამ მხარის რეგიონულმა საიტმა „La Montagne“ გოგინავასა და გიორგაძესთან ინტერვიუები ჩაწერა. ორივე ინტერვიუს, ოდნავ შემოკლებული სახით, „სარბიელის“ მკითხველს ვთავაზობთ:
„ივლისში „რასინგიდან“ გადმოსული 21 წლის ქართველი ბურჯი ლუკა გოგინავა ძალიან მიტივირებული ჩანს. პარიზელთა ესპუარს, მძლავრ პირველხაზელს მტკიცედ აქვს გადაწვეტილი, კორეზის (საფრანგეთის დეპარტამენტი, სადაც მდებარეობს ქალაქი ბრივი – ავტ.) გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.
ეს ჯარისკაცი გაამყარებს ქართულ რაზმს, რომელიც ბრიველთა შერკინების ბირთვს წარმოადგენდა. ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა (1,84 მ, 115 კგ) ძირითადად მარცხენა ბურჯად თამაშობს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში კვაჭის პოზიციის გამაგრებაც შეუძლია. ქართველებში სოლიდური მატებაა. ეს კაცი ერთადერთ რამეს ელის – ახალი სეზონის დაწყებას.
„სეზონის სტარტს მოუთმენლად ველი. წვრთნის პროცესი რთული იყო, მძიმე ვარჯიშები გვქონდა, მაგრამ ეს ჩვენს სასიკეთოდ ხდებოდა. ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ვარ“, – ამბობს კორეზელთა ახალწვეული, ვისაც 2016-ში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძისა და ოთარ გიორგაძის მხარდამხარ უთამაშია. იმ ფაქტმა, რომ „ბრივში“ ამდენი ქართველი ირიცხება, გუნდში ლუკა გოგინავას ინტეგრირება მნიშვნელოვნად გაუიოლა: „ცხადია, ამ გარემოებამ დადებითი როლი შეასრულა. ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რათა კლუბში ჩემი ადაპირება უმტკივნეულო იყოს. „ბრივი“ ოჯახივითაა და ეს იგრძნობა მის სტადიონზე შესვლისთანავე. რაღა თქმა უნდა, „ბრივის“ შესახებ ბევრი მსმენია, თუმცა, მის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ეს კლუბი მსოფლიო რაგბის ისტორიის ნაწილია“.
ბრიველთა ერთ-ერთმა პირველმა საზაფხულო შენაძენმა, ლუკა გოგინავამ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის სამზადისის ყველა ეტაპი თავიდან ბოლომდე განვლო. შეჩვევის, სწავლისა და სატრენაჟორო დარბაზში ოფლისღვრის პროცესში თბილისელმა ახალგაზრდამ ყველაფერი გაიღო, რათა ახალ გარემოში თავი გამოეჩინა.
„ყველა წინაპირობა არსებობს, რათა ჩემი ამბიცია დავამტკიცო. „რასინგის“ ესპუარი ვიყავი. ეს იყო დიდი სკოლა, იქიდან „ბრივში“ გადასვლა კი ჩემი კარიერის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება იყო. სწორედ ეს მჭირდება ამ ეტაპზე. აქ სათამაშოდ და დასაოსტატებლად ჩამოვედი“, – დასძენს ქართველი უნივერსალი.
რაც შეეხება მიზანს, ლუკა გოგინავას უბრალოდ სურს, „ბრივს“ ტოპ 14-ში დაბრუნებაში დაეხმაროს. ესაა იდეა, რომელსაც კლუბის მოთამაშეთა უმრავლესობა იზიარებს. ახლა მათი რაოდენობა ორი ქართველით გაიზარდა – გოგინავას გარდა, მის ძველ თანაგუნდელ ოთარ გიორგაძეს ვგულისხმობთ.
22 წლის მესამეხაზელი ბრივში გამგელებული ჩამოვიდა. „კლერმონში“ თამაშს მოწყურებული მორაგბე იმედოვნებს, რომ ამ წყურვილს კორეზის კლუბში მოიკლავს.
ზორბა და ღიმილიანი ახალგაზრდა – ასე შეიძლება ოთარ გიორგაძის მოკლედ დახასიათება. ლამაზ ქართველ ბიჭს (1,93 მ, 108 კგ) ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „კლერმონის“ კვართით თამაშის შესაძლებლობა სულ რამდენჯერმე მიეცა, რაც ამბიციურ ახალგაზრდას აშკარად არ აკმაყოფილებს და „ბრივში“ მისი გადასვლის მიზეზი აბსოლუტურად კონკრეტულია – დიდი სათამაშო პრაქტიკა.
„ესაა ჩემი მიზანი ნომერი ერთი. აქ რაგბის სათამაშოდ ჩამოვედი. ბავშვობიდან ამით ვარ დაკავებული და გაჩერებას ჯერჯერობით არ ვაპირებ. მომწონს, მიყვარს სპორტის ეს სახეობა, მომწონს იმის კეთება, რასაც მორაგბეობა გულისხმობს. მართალია, შეტევაში თამაში უფრო მიყვარს, მაგრამ…“, – სიცილით ამბობს ქართველი, ვინც ვერ გადაურჩა „ბრივში“ ახალბედებისთვის ტრადიციად და წესად ქცეულ თავის გადახოტვრას.
„კლერმნში“ ესპუარად გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ახალგაზრდა მესამეხაზელს 2016 წლის ნოემბერში, როცა „ყვითელი ჯარი“ „გრენობლს“ მასპინძლობდა, მწვრთნელმა ფრანკ აზემამ დებიუტის შანსი უბოძა და ოთარმა გაიბრწყინა – ლელო მიითვალა. „კარგი დასაწყისი იყო, მაგრამ ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩში ვითამაშე. ეს ცოტაა. ახალგაზრდა ვარ და თუ რამის მიღწევა მსურს, აუცილებლად უნდა ვითამაშო. ამიტომაცაა, რომ დღეს „ბრივში“ ვარ“.
გუნდის ბაზაზე დანარჩენ ახალწვეულებზე ოდნავ გვიან გამოცხადებული ოთარ გიორგაძე მალევე მიხვდა, თუ როგორ მუშაობს მისი ახალი მწვრთნელი ჯერემი დევიდსონი: „ამ მწვრთნელს მანამდე არ ვიცნობდი. მაგრამ მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად გამაცნო ეს კაცი. ძალიან ბევრს გვამუშავებს, თუმცა ვიცი, რომ ახლანდელი დატვირთვა ხანგრძლივი სეზონის მსვლელობისას კარგ სამსახურს გაგვიწევს. ყველაფერი კარგადაა, ყველაფერს შევეჩვიე. ძალიან ცხელა, ბევრს დავრბივართ, ტრენაჟორებზე სიმძიმეებს ვეჭიდებით, მაგრამ არ ვწუწუნებთ, მოგვწონს კიდეც“.