იან რაიტი

უნაი ემერიმ „არსენალში” არსენ ვენგერი 22 წლიანი მმართველობის შემდეგ შეცვალა. ბასკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში. ახლა ის ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, ლონდონის კლუბში ატმოსფერო უნდა შეცვალოს.

საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში „არსენალს” ყველაზე მეტად ფეხბურთელების უპასუხისმგებლობას საყვედურობდნენ. „მეთოფეთა” ლეგენდა იან რაიტი ამბობს, რომ ემერის უპირველესი ამოცანაც სწორედ უდარდელი გარემოს შეცვლაა. იმავე აზრისაა ყოფილი ნახევარმცველი პოლ მერსონიც, რომელმაც პირველ ტურში „მანჩესტერ სიტისთან” 0:2 წაგების შემდეგ თქვა „არსენალში” ფეხბურთელების მენტალიტეტი უნდა შეიცვალოსო.

რაიტმა „დეილი ექსპრესთან” საუბარში განაცხადა: „ფეხბურთელები უკბილოები კი არ არიან, ისინი არსენ ვენგერის სტილს არიან დაჩვეულები და ძველ დინებას მიჰყვებიან. ვენგერის ხელში ვარჯიში დუნედ მიმდინარეობდა, ინტენსიობა აკლდა, ასეთ დროს კი ადამიანის გონებას სძინავს. დიახ, თამაშის მონოტონურ რიტმზე ჩვენ ყველას გვეძინება, „არსენალი” კი ასე თამაშობდა.

ჩემი ფეხბურთელობის დროს „არსენალის” ფეხბურთელები გაცილებით მოტივირებულები ვიყავით. ჩვენთან გაცილებით მეტი ისეთი მოთამაშე იყო, რომელსაც სხვისი წაქეზება არც კი სჭირდება, თავად პოულობს საჭირო მოტივაციას. მაგრამ ვენგერმა გუნდში უფრო უტემპერამენტო, დუნე ფეხბურთელები მოიყვანა. ისინი დიდ წინააღმდეგობას არ წევდნენ, უფრო მოშვებულები და საყვარლები იყვნენ.

გრემ სუნესი ხუმრობდა „არსენალი” კარგი სასიძოებით გაივსოო. ასეთი დამოკიდებულების ამოძირკვას დრო დასჭირდება. იმის მიღწევა რასაც ემერი ცდილობს მოკლე დროში შეუძლებელია”.

წილი
წინა სტატიაChristiAMO, ამბობენ ტურინში
შემდეგი სტატიასერხიო რამოსი – CR II
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...