ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო.

კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის შემდეგ („იუნაიტედმა” „ლესტერს” 2:1 მოუგო) პოგბამ პორტუგალიელისთვის უსიამოვნო კომენტარები გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონმა თქვა: „არის საკითხები რომლებზეც შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომლებზეც ვერ ვილაპარაკებ. ასე რომ არ იყოს თავს ბედნიერად ვიგრძნობდი”.

ასეთმა ნათქვამმა მწვრთნელი გააბრაზა. „განსაკუთრებულმა” ფეხბურთელს შეუთვალა: „თუ ისევ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გინდა, ოფიციალურად მოითხოვე ტრანსფერი”.

მოურინიუს ნათქვამში სიტყვა „ისევ” იმის შეხსენება იყო, რომ 2012 წელს პოგბა დიდი ხელფასის გამო „იუვენტუსში” გადავიდა, ხოლო ორი წლის წინ დაბრუნდა. მასში „მანჩესტერ იუნაიტედმა” 89 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

მოგეხსენებათ, პოგბამ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა და კრიტიკოსებს შედარების საბაბი მისცა. მას მერე ისინი სულ კითხულობენ, რატომ ვერ თამაშობს ფრანგი „მანჩესტერ იუნაიტედში” ისევე კარგად, როგორც საფრანგეთის ნაკრებში. ამ კითხვას მოურინიუსაც უსვამენ და პოგბასაც. პოგბამ ასე უპასუხა: „კარგად მაშინ თამაშობ, როდესაც გუნდში თავს ბედნიერად გრძნობ”. ეს პასუხი მოურინიუს ცხადია არ მოეწონებოდა.

თავის მხრივ, მოურინიუმ თქვა, რომ პოგბამ მონდიალზე კარგად იმიტომ ითამაშა, რომ საფრანგეთის ნაკრების ბანაკში იყო გამოკეტილი, პრემიერლიგის ჩემპიონატი კი 10 თვეს გრძელდება და ფეხბურთელს ბაზაზე ვერ ჩაკეტავ, ის ქალაქში გადის, სადაც ათასი ცდუნებაა.