„ჯენოას” მცველმა დომენიკო კრიშიტომ თქვა, რომ პონტე მორანდის ხიდზე მის ჩავარდნამდე ორიოდ წუთით ადრე გაიარა. ხიდის ჩაშლამ სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დადო ფოტოები სადაც ჩანს, რომ გენუასთან ტრასა სველი, ხოლო ხიდზე მოძრაობა ინტენსიური იყო. შემდეგ წვიმამ იმატა, ლამის ტროპიკულ თქეშად იქცა და მორანდის ხიდი ჩაინგრა.

ტრასას, რომელიც ამ ადგილებში გადის A10 ჰქვია. მორანდის ხიდის დაახლოებით 200 მეტრიანი მონაკვეთი ჩაიქცა. ავტომობილები 15 მეტრის სიმაღლიდან ცვიოდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩანგრეულ ხიდს დაახლოებით 7-8 მანქანა ჩაჰყვა.

31 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც შვიდი სეზონი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში” გაატარა წერს:

„ამ მესიჯს ვუგზავნი ყველას, ვინც შემეხმიანა, მომიკითხა და ჩემი ოჯახის მდგომარეობით შეწუხდა. ჩვენ ყველანი კარგად ვართ. ხიდი მის ჩავარდნამდე 10 წუთით ადრე გადავკვეთეთ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას. ასეთ ტრასაზე, ამგვარი ხიდები არ უნდა ვარდებოდეს.

ჩვენს ქვეყანას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. აქედან ხალხი სწორედ ამგვარი შემთხვევების გამო გარბის. ჩვენ უსაფრთხოება გვჭირდება. ვინმემ რამე უნდა იღონოს. რაც მოხდა შემაძრწუნებელია”.

მორანდის ხიდი ინჟინერმა რიკარდო მორანდიმ 1967 წელს ააგო. რამ გამოიწვია მისი ჩავარდნა ჯერ არ არის ცნობილი.