თითქმის ათი წელიწადია, „საბურთალო“ ერთ-ერთი გამორჩეულია ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში. კლუბი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა უკვე ძირითად გუნდსაც უმაღლესი მიზნები აქვს. რყევები დასრულდაო – თქვა ამას წინებზე საბურთალოელთა დამრიგებელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და მართალიც იყო. შაბათს მათ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს დამაჯერებლად და ცხრილს კვლავაც ერთპიროვნულად, ხუთქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ.

„კოლხეთთან“ შეხვედრაში დუბლი მიითვალა თბილისელთა 22 წლის ბრაზილიელმა ფრანგმა შემტევმა, ვაგნერ გონსალვეშმა. სხვათა შორის, კოლხებმა წლეულს პირველად ითამაშეს მშობლიურ ქალაქში. აქამდე ისინი საშინაო მატჩებს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“ ატარებდნენ. ერთი მხრივ ეს დადებითი მომენტია, თუმცა შეხვედრა სარაგბო ბაზა „პარკი არენაზე“ გაიმართა, რადგან „ფაზისის“ სტადიონის რეკონსტრუქციას საშველი ვეღარ დაადგა.

ამ მატჩის 63-ე წუთზე გურამ გოშთელიანის მაგიერ  საბურთალოელთა რიგებში ლადო დვალიშვილი გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების შემტევს მანამდე ეროვნულ ლიგაში ბოლოს  2016 წლის 30 ნოემბერს ეთამაშა.

შედგა 34 წლის გოგიტა გოგუას გორული „დებიუტიც.“ „ჩიხურასთან“ მატჩის მეორე ტაიმში მან განელი ისიფუ ლემპტი შეცვალა. გოგიტა საქარველოს ჩემპიონატში  ბოლოს ზუსტად 2 წლის და 8 თვის წინათ, 2015 წლის 12 დეკემბერს გამოჩენილიყო. მერე კი, სამ წელიწადს ყაზახეთში ბურთაობდა.

ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა რკინიგზელმა მამია გავაშელიშვილმა, ეს სეზონის 24-ე დუბლი გახლდათ. მამიამ კი იყოჩაღა, მაგრამ „ლიკომოტივმა“ ვერაფერი მოუხერხა „დინამოს“ და შინ 2:4 დამარცხდა.

სამაგიეროდ ჰეთ თრიქი მიითვალა დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ. ისევე, როგორც სიონელმა დათო კირკიტაძემ „სამტრედიასთან.“ ორი ჰეთ თრიქი ერთ ტურში წლევანდელ სეზონში აქამდე არ შესრულებულა.

საჩხერელმა გიორგი გაბედავამ „დილას“ ერთი თავად გაუტანა, ერთიც ირაკლი ბუღრიძეს გაატანინა. გიორგი 12 გოლით კვლავ სათვეში უდგას ბომბარდირთა დავას. „ჩიხურამ“ კი უშუალო კონკურენტს მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. თუმცა გორელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ვიხილეთ მორიგი ავტოგოლიც. ეს გორელთა ახალწვეულმა ბრაზილიელმა ერიკს სანტოსმა მოახერხა. ჯამში კი ეს მე-11 ავტოგოლი გახლდათ სეზონში.

20 ტური: სამტრედია 0:4 სიონი, კოლხეთი 1:3 საბურთალო, ლოკომოტივი 2:4 დინამო, დილა 1:3 ჩიხურა, რუსთავი – ტორპედო გადაიდო.

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

21 ტური

17 აგვისტო: სიონი – კოლხეთი

18 აგვისტო: ჩიხურა – რუსთავი, დინამო – სამტრედია

19 აგვისტო: საბურთალო – დილა, ტორპედო – ლოკომოტივი

მეგოლეები:  გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 12, ბუდუ ზივზივაძე (დინამო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, მიკოლა კოვტალიუკი, ლეანდრო რიბეირო (ორივე -დილა) – 10, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) – 9, ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) – 8.