მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, ბელგიელი ტიბო კურტუა გაიფიცა. ამ ხერხით ის ცდილობს „ჩელსი” აიძულოს „რეალთან” საერთო ენა გამონახოს და მის მადრიდში ტრანსფერს დაყაბულდეს.
წინასწარი გეგმის თანახმად კურტუა ორშაბათს „ლურჯების” ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის უნდა შეხვედროდა, მაგრამ გოლკიპერი კობჰემის საწვრთნელ ცენტრში არ მივიდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში სატრანსფერო ბაზარი ხუთშაბათს იხურება, ამიტომ დასავლეთ ლონდონელებს პრობლემის სწრაფად მოგვარება ჰმართებთ.
„ჩელსიში” კურტუას შემცვლელად ოთხ მეკარეს მოიაზრებენ. ისინი გახლავან ჯეკ ბატლენდი „სტოკიდან”, პეპე რეინა „მილანიდან”, იან ობლაკი მადრიდის „ატლეტიკოდან” და სერხიო რიკო „სევილიადან”.
კურტუას კვირას „ქომუნითი შოლდის” ანუ ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ინგლისში არ ჩავიდა. ამიტომ, „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, რომელიც „სიტიმ” კომფორტულად მოიგო 2:0, „ლურჯების” კარს ვილი კაბალერო იცავდა.
26 წლის კურტუა კი მადრიდში გადასახლებას იმიტომ ცდილობს, რომ ოჯახი ჰყავს იქ. მისი შვილები მადრიდში იზრდებიან და მამას მათთან უნდა ყოფნა. კურტუას ოჯახი ესპანეთის დედაქალაქში 2011-14 წლებში დამკვიდრდა, როდესაც ბელგიელი „ჩელსიმ” ცოტა ხნით მადრიდის „ატლეტიკოში” გააქირავა.
„რეალი” კურტუას სანაცვლოდ „ჩელსის” 35 მილიონ გირვანქას უხდის, მაგრამ ლონდონელთა ტრანსფერების უფროსი, რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი მარინა გრანოვსკაია ამბობს, რომ ეს თანხა ძალიან მცირეა. შემდეგ, ფეხბურთელის აგენტმა ლონდონელებს მოუწოდა ტრანსფერი აღარ გაეჯანჯლებინათ. ამაზე, მაურიციო სარიმ თქვა, რომ ჯერ კურტუას პირადად უნდა დაელაპარაკოს.
საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კლუბზე ზემოქმედების მიზნით ბელგიელი მეკარე გაფიცვას მიმართავს. ზუსტად ამ ხერხით აიძულა მან 2011 წელს თავისი ძველი გუნდი „გენკი” „ჩელსის” ტრანსფერზე დაყაბულებოდა. და საერთოდ, როგორც ჩანს გაფიცვა მოდაში შემოდის.