ინგლისის სუპერთასზე რომელსაც „ქომუნითი შილდი” ჰქვია სერხიო აგუეროს მიერ გატანილი ორი გოლით „მანჩესტერ სიტიმ” „ჩელსი” დაამარცხა — 2:0. „უემბლიზე” შეხვედრას 73 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

აგუეროს ოთხი გოლის გატანაც კი შეეძლო. ლონდონელთაგან კვლავ ვერ შეაგდო ალვარო მორატამ, რომელზეც უკვე დაჟინებით წერენ, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული.

ეს გახლდათ „ჩელსის” ახალი მწვრთნელის მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი. ინგლისური პრესის შეფასება ასეთია: „ლურჯები” ჰგავდნენ გუნდს, რომელსაც შეუძლია ბევრი გოლი გაუშვას, ხოლო „სიტი” კვლავ ის გუნდი იყო ბევრის გატანა რომ შეუძლია.

პეპ გვარდიოლას ბიჭებიდან კარგი თამაშით თავი გამოიჩინა ახალგაზრდა ფილ ფოდენმა, რომელსაც ახალ სეზონში ალბათ ხშირად ვნახავთ ძირითად შემადგენლობაში. აგუეროს პირველი გოლის ასისტენტიც სწორედ ფოდენი გახლდათ.

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა და დღეს საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა მატჩის მისეული ანალიზისას განსაკუთრებით აგუერო შეაქო და მას ჰარი კეინზე უკეთესი თავდამსხმელი უწოდა, რამაც ინგლისში ბევრს ყური მოჭრა.

„აგუეროს „მანჩესტერ სიტის” მაისურით უკვე 200 გოლი აქვს გატანილი. ეს დიდი შედეგია და ვფიქრობ, რომ დღეს არგენტინელი პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელია. აგუეროს წინააღმდეგ მითამაშია და კარგად მახსოვს რა ძნელი იყო მისი გაჩერება. ის სწრაფია, საქმეში სულ ყურადღებით ჩართული და ფანტასტიკური გარღვევები ეხერხება. კეინი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ აგუერო მას სჯობს”, — თქვა ფერდინანდმა.