სულ ახალი ამბავი: ფრანგული „ბიარიცის“ ახალმა პრეზიდენტმა ჟან-ბატისტ ალდიჟემ დაადასტურა, რომ მის კლუბში გადავიდა გიორგი ნუცუბიძე.

ცნობისთვის: გიორგი ნუცუბიძე გახლავთ 19 წლის ქართველი მორაგბე, ამპლუით – ბურჯი-უნივერსალი (მარცხენაც და მარჯვენაც), გორის „ჯიქისა“ და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი.

ორიოდე სიტყვა „ბიარიცზეც“: ეს კლუბი დღესდღეობით საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაშია – პრო დ2-ში, არადა ბასკური კლუბი საფრანგეთის 5-გზის ჩემპიონი, ევროპის ჩელენჯ კაპის მფლობელი და ჩემპიონთა თასის 2-გზის ფინალისტია. ამ მიღწევათა დიდი უმრავლესობა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა „ბიარიცში“ ქართული წარმომავლობის ფრანგი სუპერვარსკვლავი დიმიტრი იაშვილი ბრწყინავდა. ეს ახლო წარსულში იყო და ბასკთა ახალ ხელმძღვანელობას ამ არცთუ ძველი დიდების დაბრუნება უმოკლეს დროში აქვს გამიზნული.

ის, რომ საქართველო მსოფლიო დონის ბურჯების სამჭედლოა, უკვე აღიარებული, დადასტურებული და სტაბილური ფაქტია. იშვიათად შეგხვდებათ ევროპული გრანდი, რომელშიც თუნდაც ერთი ზრდასრული ან ახალგაზრდა ქართველი პირველხაზელი არ ირიცხებოდეს. ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ გამორჩეულთა სიას მაინც შემოგთავაზებთ: „მონპელიეში“ – ნარიაშვილი და ჩილაჩავა, „კლერმონში“ – ზირაქაშვილი და კაკაბაძე; „რასინგში“ – კაკოვინი; „სტად ფრანსეში“ – მელიქიძე; „კარდიფ ბლუზში“ – ფეიქრიშვილი; „უოსპსში“ – ზურაბ ჟვანია…

სურათი ნათელია – ჩამოთვლილთა წარდგენა რაგბის მოყვარულთათვის საჭირო არაა. ესენი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები არიან, ზოგი – კაშკაშა, ზოგიც – ამომავალი. თან ეს სია პერმანენტულად იზრდება და მასში არა მხოლოდ ბურჯები არიან. დღეს მივიღეთ ასეთი სურათი: საქართველოს 18 და 20-წლამდელთა წლევანდელი ნაკრებებიდან ჯამში 11 მორაგბე კარსმომდგარ სეზონში უცხოური კლუბის ღირსებას დაიცავს.

ლაშა ჯაიანი ინგლისში, „ექსეტერ იუნივერსითიში“ კარგა ხანია თამაშობს, გელა აფრასიძე და ლუკა აზარიაშვილი ფრანგული გრანდის, „მონპელიეს“ ესპუარები გასულ სეზონშიც იყვნენ, თანაც გელამ ძირითად გუნდშიც მოასწრო თამაში. რაც შეეხება ახალწასულებს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ საქართველოს ამ ნაკრებიდან ბურჯი ლუკა ჭელიძე ასევე დიდმა ფრანგულმა კლუბმა – „ტულონმა“ წაიყვანა, კიდევ ერთი ბურჯი ხვიჩა ცოფურაშვილი სახელოვან „სტად ფრანსეში“ აღმოჩნდა, ხოლო კვაჭი ვანო კარკაძე „ბრივს“ შეუერთდა.

20-წლამდელებიდან გადინება უფრო მასშტაბურია. ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი პარიზის „რასინგის“ წევრია, მისი თანაამპლუელი ლუკა ჯაფარიძე ხსენებულ „ბრივში“ გადავიდა, კაპიტანი ბექა საღინაძე (მეორე-მესამეხაზელი) განვითარებას „ორიაკში“ გააგრძელებს, ხოლო მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია „ბიარიცს“ შეუერთდა. ასე რომ, გიორგი ნუცუბიძე თავისთვის ჯერჯერობით უცხო გარემოში მარტო არ იქნება, მით უმეტეს, რომ „ბიარიცში“ 25 წლის ვახტანგ ახობაძეცაა, „აჟენის“ ყოფილი ბურჯი.

ზემოთ ჩამოთვლილმა 11-ვე ჭაბუკმა მართლაც ისახელა თავი ამა თუ იმ ასაკობრივ ნაკრებში. შეხსენებისთვის: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი, ფინალში დაამარცხა რა ფრანგი თანატოლები (8:3), რომლებთანაც 2015, 2016 და 2017 წლების ფინალებში უიმედოდ მარცხდებოდა. 20-წლამდელებმაც არანაკლებ იყოჩაღეს – მსოფლიოს ჩემპიონატზე დამარცხდნენ მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ფრანგებთან და მესამეადგილოსან სამხრეთაფრიკელებთან, მოუგეს ილანდიელებს, იაპონელებს, შოტლანდიელებს და დაიკავეს თავისთვის სარეკორდო – მე-9 ადგილი. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ძლიერმა ფრანგულმა კლუბებმა გამორჩეული ნორჩი ქართველები გადაიბირეს და მათგან მამუკა გორგოძისა და დავით ზირაქაშვილის საქმის გამგრძელებლების გამოძერწვას შეეცდებიან. წარმატებები ბიჭებს!