„ბარსელონას” სეზონურ განაცხადს შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი მოაკლდეს. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს მუნირის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო: ეთნიკურად მაროკოელი, დაბადებით კი მადრიდელი თავდამსხმელი „კამპ ნოუზე” უნდა დარჩენილიყო და ერნესტო ვალვერდეს გუნდში ადგილის მოპოვებისთვის ებრძოლა, მაგრამ სურათი შეიცვალა. „ბარსამ” „სევილიასგან” ისეთი წინადადება მიიღო, რომ ყურიდან ყურში გატარებად არ უღირს, თუმცა ფეხბურთელსაც არაფერს აძალებს. კლუბმა მუნირს რამდენიმე დღე მისცა, გადაწყვიტე რა გირჩევნია, „ბარსელონაში” მესისთან, სუარესთან, დემბელესთან, კოუტინიუსთან და მალკომთან ჭიდილი თუ „სევილიაში” ყოველ ტურში ძირითად შემადგენლობაში ყოფნაო.
„სევილიას” „ბარსელონასთან” აქამდეც ჰქონდა მოლაპარაკება, ოღონდ მუნირის საკითხს არ განიხილავდნენ. ლაპარაკი იყო ალეს ვიდალზე. კლუბები თითქოს შეთანხმებულებიც იყვნენ, მაგრამ სევილიელებმა სატრანსფერო კომბინაციაში მოულოდნელად მუნირიც ჩაამატეს და ორი კაცის ერთად შეძენაში „ბარსას” მსუყე თანხა შესთავაზეს.
კატალონიური „სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ მუნირი კონსულტაციისთვის ერნესტო ვალვერდესთან მივიდა. მწვრთნელმა ფეხბურთელს უთხრა, რომ ის მის გეგმებში შედის, თუმცა „სევილიაში” გადავიდეს თუ არა, მაინც მისი გადასაწყვეტია. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ ვალვერდეს ნათქვამი, ჩემს გეგმებში შედიხარო, სულაც არ ნიშნავს, რომ „ბლაუგრანას” თავკაცი მესის, კოუტინიუს ან სუარესს დასვამს და მუნირს ათამაშებს.
ცნობისთვის: მუნირს „ბარსელონასთან” თანამშრომლობის 12 თვე აქვს დარჩენილი რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებმა ფორვარდი ახლა თუ არ გაყიდეს, გაისად ამ დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
მუნირის ამბავი არანაირად არ ცვლის პაკო ალკასერის მდგომარეობას. ალკასერი ასევე გასაყიდთა სიაშია. „სპორტი” წერს, რომ „ბარსას” ამ ეტაპზე თავდამსხმელის პრობლემა არ აქვს და შეუძლია ზოგი მათგანი გაუშვას, თუმცა ერთ წელიწადში შეიძლება სხვა სურათი იყოსო.