ეს მსოფლიო თასი კი გადაგორდა და მოთავდა, მაგრამ ზეპ ბლატერის დროინდელი გადაწყვეტილებებიდან დარჩენილია კიდევ ერთი დიდი ამბავი: ყატარის მიერ მომდევნო მსოფლიო თასის მასპინძლობა. ყატარმა ამ მასპინძლობის მოპოვებაში აჯობა შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიას და მაშინ რას აღარ ამბობდნენ, რომ მდიდარი სამეფო კია, მაგრამ იქ ისეთი სიცხეა, რომ უეჭველად ზამთარში ჩაატარებენო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სულ უბრალო ამბები იყო იმასთან შედარებით, რაც მერე ატყდა და ამ ქვეყნის სამასპინძლო კამპანიის დამოუკიდებელი გამოძიებაც დაინიშნა, ყატარმა, უფლება კორფუციის გზით მოიპოვაო. გამოძიებას ამერიკელი ვექილი მაიკლ გარსია ხელმძღვანელობდა და ორწლიანმა კვლევამ დაადგინა, სამეფოს უკანონო არაფერი ჩაუდენია და მასპინძლობაც პატიოსნად მიიღოო.
ჰოდა, აგერ ახლა, „სანდი ტაიმსმა“ იმხელა ჭურვი გამოდო გზაზე, რომ მთელი ეს გარსიას გამოძიება, შეიძლება სულაც აღარაფრად ჩაითვალოს. განთქმულმა გაზეთმა დაწერა, რომ ნახა და გაეცნო საბუთებს, რომლებიც ყატარისავე სამასპინძლო კამპანიის ერთ-ერთი წევრისგან აქვს და რომელთა მიხედვითაც ყატარმა დაარღვია მსოფლიო თასის მასპინძლობის პრინციპი და სხვა კონკურენტების წინააღმდეგ იმუშავა. ფიფას კანონებით, კონკურსში მონაწილემ კრინტიც კი არ უნდა დაძრას კონკურენტზე და არც რაიმეთი გაერიოს მის კამპანიაში. ფიფასვე პრინციპით, მასპინძლობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანია თვითონ მოკომპანიე ქვეყნის მოსახლეობის, ანუ ერის საყოვლეთაო მხარდაჭერა, რომ, ჰო. ძალიან გვინდა, ამ უდიდეს შეჯიბრს ჩვენმა სამშობლომ უმასპინძლოსო.
„სანდი ტაიმსს“ საბუთები არ გამოუქვეყნებია. ალბათ, ეს შემდეგ ნაბიჯად შემონახა, მაგრამ გავეცანიო დაწერა და მეტი სანდო გაზეთი მსოფლიოში ძნელი საძებარია. მისგან გახმიანებული ამბები კი ასეთია, რომ ყატარს უქირავებია მსოფლიოში განთქმული საკომუნიკაციო ფირმა „ბრაუნ ლოიდ ჯონსი“ და ცენტალური სადაზვერო სამმართველოს გადამდგარი თანამშრომლები, რომლებიც რიგ საქმეებში ოსტატებად რჩებიან და დაზვერვიდან წამოსვლის შემდეგ ხშირად კერძო პრაქტიკით ცხოვრობენ. მოკლედ, ყატარი ფარულად ცდილობდა რომ კონკურენტების კამპანიებისთვის ხელი შეეშალა.
ამერიკასთან და ავსტრალიასთან ერთად იქ იყო სამხრეთ კორეა და იაპონიაც, ყატარის ნაქირავებმა ხალხმა კი ბევრი რამ დაგეგმა და განახორციელა. მაგალითად, ავსტრალიაში ანტისაფეხბურთო მიტინგობია მოაწყო, ჩვენ რაგბის ხალხი ვართ, ფეხბურთი რად გვინდაო. ანდა, 9 ათასი დოლარი გადაუხადა ავტორიტეტიან, ჯერ უსახელო პროფესორს, რათა მას კვლევა დაეწერა, თუ რა ძვირი დაუჯდება ამერიკას მსოფლიო თასის მასპინძლობა.
ასევე, ამ ფარული შეჩიჩხინებით, სკოლის ფიზკუტურის მასწავლებლეთა წარგზავნილებს კონგრესმენებისთვის უთხოვიათ, თუ ამდენი ფული გაქვთ, ეგ თანხები სკოლებში სპორტის განვითარებას მოახმარეთო.
კიდევ, ყველგან მოუსყიდიათ ბლოგერები და სხვა ასეთნი, მესვეტენი, რომ ეწერათ, არ გვინდა ეგ მსოფლიო თასი, რათ გვინდაო. კიდევ, ადგენდნენ იმათ დოსიეებს, ვინც თავისი ქვეყნის სამასპინძლო კამპანიებში დიდი მოწადინებით მონაწილეობდა. კიდევ რამე იქნებოდა და კიდევ.
ყატარის უწყებებმა მკაცრად უარყვეს ყოველი და მათი ქვეყნისადმი მიმართულ მორიგ პროვოკაციად მონათლეს, ერთი-ორმა ბრიტანელმა პარლამენტის წევრმა კი უკვე მიმართა ფიფას, გარსიას კომისიამ სულ არ იცოდა ეს ამბები და დამოუკიდებელი გამოძიება ხელახლაა ჩასატარებელიო. ინგლისი დაზარალებულად თვლის თავს, რუსეთთან მასპინძლობის შეჯიბრში დამარცხების შემდეგ და ბევრიც დაწერილა, რომ მის კამპანიაზე ჯაშუშობდნენ.
რაც არ უნდა იყოს, საქმე ესაა, რამდენად შორს წავა ამბავი და რამდენად წარმოსადგენია, რომ მსოფლიოს მომდევნო თასის მასპინძელი შეიცვალოს. ეს უკიდურესად ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფიფას რომ კიდევ ერთი შავი ამბავი ამოუხტა, აშკარაა.