პრექსიტი ბრექსიტის წაბაძვით მოგონებული საფეხბურთო სიტყვაა და იმას ნიშნავს, რომ როგორც ბრიტანეთი ევროკავშირს ისე პრემიერლიგა დანარჩენ ევროპას გამოეყო — სატრანსფერო ბაზარს ადრე ხურავს. და ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს.

პრექსიტის საკითხი შარშან მარტივი ხმის მიცემით გადაწყდა: პრემიერლიგის კლუბებმა 17 ხმით სამის წინააღმდეგ გადაწყვიტეს, რომ მათთან ახალი მოთამაშეების ყიდვა 9 აგვისტოს ანუ ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს უნდა შეწყდეს.

შედარებისთვის: სერია A-ში ყიდვა-გაყიდვა 17 აგვისტოს მორჩება, ევროპის სხვა ქვეყნებში კი ბაზარი სექტემბრამდე ღიაა.

პოჩეტინიო ამბობს, რომ მან აღარ იცის იყიდიან თუ არა დარჩენილ დროში „დეზები” ახალ ფეხბურთელს:

„ჩემი აზრით, ევროპას ჩვენთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ და ეს პრემიერლიგის კლუბებზე ცუდად აისახება. ჩვენთან, ინგლისში ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. დღეს უკვე მეეჭვება, რომ დანარჩენი კლუბები ადრინდელივით კმაყოფილები იყვნენ თავიანთი გადაწყვეტილებით.

პირადად მე ვფიქრობ, რომ სატრანსფერო ბაზრის ადრე დახურვა შეცდომა იყო. სწორი იქნებოდა მთელს ევროპასთან შეთანხმებით რომ გვემოქმედა. დღეს პრემიერლიგისა და ზოგადად ინგლისურ კლუბებს ევროპელ კონკურენტებთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში უნდა გამოვიდეთ, გუნდის გაძლიერებაზე ფიქრისთვის კი 20 დღით ნაკლები გვაქვს.

ერთადერთი იმით შემიძლია თავი დავიმშვიდო, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. მე ამ აზრს არასდროს ვემხრობოდი”.

„ტოტენჰემს” ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ჯერ არავინ უყიდია. ლონდონელებს ამერიკაში, სეზონისწინა შეკრებაზე ბოლო თამაში დარჩათ, ოთხშაბათს, 1 აგვისტოს, საქართველოს დროით დილის ხუთის ნახევარზე, „მილანთან”. ამ შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პოჩეტინიომ თქვა:

„შარშანდლისგან განსხვავებით წლეულს გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი საერთოდ ვიყიდით თუ არა ახალ ფეხბურთელს. ამ საკითხზე ვმუშაობთ. სატრანსფერო ბაზარი სადაც არის დაიხურება. კლუბი ყველა ღონეს ხმარობს რაიმე გამოსავალი რომ ნახო, გუნდი გააძლიეროს, მაღალი კლასის ფეხბურთელები იყიდოს და მომავალ სეზონში დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმაროს”.

 

წილი
წინა სტატიაშენთან ვართ, გიო!
შემდეგი სტატიაბელარაბის ცუდი არაფერი სჭირს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...