კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ოსმან დემბელეს „ბარსელონაში” თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. გასულ სეზონში იყო და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა ვერ გაიკაფა, ახლა არის და მისი მომავალი ბუნდოვანია. მდგომარეობა ბრაზილიელი მალკომის გამოჩენამ დაძაბა. ის 21 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პირდაპირი კონკურენტია.
დემბელეს პრობლემა სათამაშო დროა. ესპანეთის ჩემპიონთა ხელმძღვანელებმა მისი დაწყნარება სცადეს, დაჰპირდნენ, რომ სათადარიგოთა სკამზე არ დარჩებოდა და მომავალ სეზონში „ბარსას” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ თავდამსხმელზე ამ სიტყვებმა ვერ იმოქმედაა. როგორც ჩანს, მას ისიც აშფოთებს, რომ ორი კვირის წინ დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების სასატარტო შემადგენლობის წევრი არ იყო. უფრო სწორედ, პირველ შეხვედრაში ავსტრალიასთან და მესამე შეხვედრაში დანიასთან ის სასტარტოში იყო, მაგრამ დანარჩენ მატჩებში, არა.
უახლოეს დღეებში დემბელეს აგენტი ბარსელონაში ჩავა და გუნდის ხელმძღვანელებთან გაარკვევს, რა ხდება მისი კლიენტის თავს. რა საჭირო იყო ასე სასწრაფოდ და სკანდალურად ზუსტად იმავე თვისებების მქონე მალკომის ყიდვა, როდესაც გუნდში უკვე არის დემბელე.
საჯაროდ „ბარსელონას” პოზიცია დემბელეს მიმართ ასეთია: ფრანგში იმდენი ფული გვაქვს (105 მილიონი ევრო) გადახდილი, რომ მისი ტრანსფერზე დაყენება გამორიცხულია. ამიტომ, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა ის „ბარსას” ერთ-ერთ წამყვან, საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.
12 აგვისტოს (საქართველოში უკვე 13 აგვისტო რომ იქნება) „ბარსელონას” „სევილიასთან” ესპანეთის სუპერთასზე აქვს სათამაშო, მაგრამ დემბელემ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შვებულება არ შეკვეცა და ახალ სეზონს სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.
„ბარსას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ოსმან დემბელეს საჯაროდაც ბევრჯერ დაუჭირა მხარი. ვალვერდე იმედოვნებს, რომ მათი ნაყოფიერი თანამშრომლობა წლობით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დემბელე „ბარსელონამდე” „დორტმუნდში” თამაშობდა და როდესაც გაიგო, რომ კატალონიელები მისი შეძენით იყვნენ დაინტერესებულები, გაფიცვა მოაწყო, ვარჯიშებზე არ დადიოდა, დორტმუნდელები იძულებული გახადა, ტრანსფერს დათანხმებოდნენ.
ახლა დემბელეს სკანდალით მოსულ ახალ ფეხბურთელთან კონკურენციის ეშინია.