ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქანცის გამომცლელ ნახევარფინალებში სერბებმა ხორვატები (9:7) და ესპანელებმა იტალიელები (8:7) დაამარცხეს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისთვის მაინც მხნეობით სავსენი ჩანდნენ, რაც სპეციალისტების გაკვირვებას იწვევდა. ერთერთი კომენტატორის თქმით, წყალბურთელები ყოველ თამაშში ორ კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რაც დიდად ბევრი არ არის, როცა თავისუფლად ცურავ, მაგრამ მხარზე 100-კილოგრამიანი მეტოქე როცა გკიდია, დიდ ძალებს მოითხოვს.
მეშვიდე ადგილი რუსეთმა უნგრეთს მძიმე ბრძოლაში მოუგო (9:8), მეხუთე ადგილი საბერძნეთმა მონტენეგროს წაართვა (8:6), ბრინჯაოს მედალოსანი კი ხორვატია გახდა იტალიასათან ასევე გაჭირვებით მოგებული თამაშის შემდეგ (10:8).
ფინალი სანაქებო გამოვიდა. ძირითად დროში ვერცერთმა მხარემ ვერ იძალა და 5-მეტრიანების სერიაში კი ესპანელის გატყორცილი ბურთი მეკარის ნაცვლად ძელმა რომ მოიგერია, სერბებმა გაიხარეს და საჩუქარიც შეირგეს. 12:10 გახლავთ ანგარიში, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის სერბეთში დარჩენა დააფიქსირა.