მაურიციო სარი

ოღონდ კი შეინარჩუნოს და მაურიციო სარი მზად არის ედენ აზარს „ჩელსის” კაპიტნობა უბოძოს. არადა, „ჩელსის” იტალიელი მწვრთნელი ბელგიელი ვარსკვლავის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. 150 მილიონ გირვანქად ანუ 168,5 მილიონ ევროდ ღირებული აზარის შეძენას „რეალი” ეშურება და არც ფეხბურთელი მალავს, რომ თუკი შანსი მიეცემა სიამოვნებით გადაბარგდება „სანტიაგო ბერნაბეუზე”.

„ჩელსის” კი ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევია. სარი ფიქრობს, რომ აზარისთვის სამკლავურის შებმით მას დარჩენის სურვილს გაუძლიერებს. თავდამსხმელისთვის კაპიტნობა უცხო ხილი არ არის, რადგან ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებს კაპიტნობდა.

თუ წინამძღოლად აზარის დანიშვნა არ გამოვიდა, სარის მარქაფში სესკ ფაბრეგასი და სესარ ასპილიკუეტა ჰყავს.

ამ ზაფხულს ფებრეგასმა „ჩელსის” კაპიტნის სამკლავური უკვე მოირგო. ეს ორშაბათს, დასავლეთ ლონდონელთა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, „პერთ გლორისთან” 1:0 მოგების დროს მოხდა. მაშ, რატომ არ დანიშნავენ კატალონიელს მუდმივ კაპიტნად? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფაბრეგასმა შესაძლოა ყოველ ტურში ვერ ითამაშოს. იგივე შეიძლება ითქვას გასული სეზონის კაპიტან გარი კეჰილზე. ინგლისის ნაკრების 32 წლის ცენტრალურმა მცველმა მომავალი სეზონი შესაძლოა მეტწილად სათადარიგოთა სკამზე გაატაროს. მეტიც, ის შეიძლება სულაც გაყიდონ, რადგან სარის „იუვენტუსიდან” დანიელე რუგანის გადაბირება სურს.

ედენ აზარი და მისი ბელგიელი თანაგუნდელი, მეკარე ტიბო კურტუა ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.