• გამარჯობა შენი, რამდენი ხანია რა მინახიხარ?
  • მხარზე ხელს ნუ მიტყაპუნებ!
  • რა იყო, რა მოგივიდა?
  • ჯარიმაა!
  • რა არის ჯარიმა?
  • მხარზე ხელის დატყაპუნება.
  • ეე, ისევ ფიფას წინააღმდეგი ხარ?
  • მე მხარზე ხელის დატყაპუნების წინააღმდეგი ვარ.
  • ჩემპიონატი არ მოგწონს?
  • რა არის მოსაწონი? მსაჯები დროს რომ არ ამატებდნენ გოლი არც გავიდოდა.
  • რატომ?
  • სულ 46-ე და 91-ე წუთებზე გააქვთ.
  • და ჩემპიონი ვინ გახდება?
  • პარაგვაის ნაკრები.
  • პარაგვაი ხომ გავარდა?
  • ჩემპიონი ის გახდება, ვისაც ჩილავერტისნაირი მეკარე ეყოლება.
  • და კიოპკე?
  • კიოპკეზე თვითონ კიოპკე ამბობს, ასეთი კეპკე არ მინახიაო.
  • და ბარტეზი?
  • ბარტეზი თეთრი ლამაა.
  • შენ იმიტომ ხარ გაბოროტებული, რომ ინგლისი გავარდა.
  • ინგლისი გავარდა?
  • ჰო, არ იცი?
  • საიდან უნდა ვიცოდე?
  • როგორც, ჩემპიონატს არ უყურებ?
  • ვუყურებდი სანამ იამაიკა თამაშობდა. მერე რამდენი შევხედე, სულ პლატინი და ბლატერი ჩანდნენ. მომბეზრდა და აღარ ვუყურებ.
  • უკეთესს რას აკეთებ?
  • ვფიქრობ.
  • იმაზე ხომ არა, რომ მაინც ბრაზილია გახდება?
  • არა. ბრაზილია ვერ გახდება.
  • რატომ?
  • რონალდოზე მაგარი რონალდოს ცოლი ყოფილა. ხალხი სულ იმ გოგოს უყურებდა.
  • ესე იგი, ინგლის – არგენტინა არ გინახავს?
  • არა. ეგ თამაში ნანახი მაქვს. სულ მაგ თამაშს არ ვუყურებ?
  • კარგი. აბა ვინ მოგეწონა?
  • სუბისარეტა.
  • კიდევ?
  • კიდევ სტოიჩკოვი რომ გავიდა და აღარ დაბრუნდა. ეგ რომ ვეღარ დავინახე, დავწყნარდი.
  • ესე იგი, არ გყვარებია.
  • ჰაჯის მაინც მირჩევნია.
  • გაკრასკულსაც?
  • გაკრასკულ ჰაჯის გაუკრავსკავი რიგობერტ სონგი მირჩევნია.
  • ეგ ვინ არის?
  • ვეღარ გავიგე, მე არ ვუყურებ ფეხბურთს, თუ შენ არ უყურებ?
  • მე ნაღდ ფეხბურთს ვუყურებ, შენ კი…
  • ნაღდი რომელია, კაცს რომ მხარზე ხელს მოუთათუნებ და წითელს რომ გაძლევენ?
  • ეს პროვოკაციაა.
  • მართალი ხარ. ფეხბურთის პროვოკაციაა.
  • ისევ ძველებურად ჭიკჭიკებ.
  • კაცი ვერ ვნახე, კაცი, ამიტომაც ვჭიკჭიკებ.
  • და გაზა?
  • რა გაზა?
  • გაზა რომ ყოფილიყო?
  • კიდევ კარგი არ შეიყვანა ჰოდლმა, გააგდებდნენ, სულ ხელს არ უტყაპუნებს ვიღაცეებს? თან, ამ დროული კაცის ამხელა გზაზე ტყუილად წყვალება არ ღირს.
  • და ოუენი?
  • თავი დაანებეთ მაგ ბიჭს. გინდათ ეგეც გაალოთოთ?
  • და დავიდსი?
  • რომელი დავიდსი, ზეედორფი?
  • არა, ტურამი!
  • აა, რიგობერტ სონგზე ლაპარაკობ?

02.07.1998

წილი
წინა სტატიაინგლისელების იმედი
შემდეგი სტატიაველოზე გაცვლილი თხილამურები
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.