დღეს, საღამოს რვა საათზე თბილისსა და ქუთაისში დაიწყება ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები. ორივე დიდი ქართველი ფეხბურთელის სტადიონებზე – მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიასი.

წარსულით ტკბობა შორს წაგვიყვანს და ვიცით, რომ არ გვშველის. მეტოქეს სულ არ ედარდება, რამდენად დიდი ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე თამაშობს.

საჩხერის “ჩიხურა“ სლოვენიურ “მარიბორს“ დაუხვდება. ფავორიტი “მარიბორია“, რომელიც, რაც სლოვენია ცალკე სახელმწიფოდ გავიდა, 14-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ბოლო 26 წელიწადში ამდენი მოახერხა. ნათამაშევი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, ოღონდ ისიც გვახსოვს, შოთა არველაძემ “აიაქსის“ მაისურით სამი გოლი რომ გაუტანათ და ის თამაში 9:1 რომ დამთავრდა.

“ჩიხურა“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც ევროტურნირების პირველ ეტაპზე გვასახელა. სოსო ფრუიძის გუნდი ევროპაში არასოდეს შერცხვენილა. როგორღაც ამას ახერხებს და დღესაც იმედიანად ვართ.

ქუთაისის “ტორპედო“ მოლდოვის “შერიფთან“ გავარდა, თუმც უეფას ნოვაციური სისტემის მეშვეობით გადაერთო ევროპა ლიგაზე და წილისყრაში გაუმართლა. ხვდება ფარერების “ვიკინგურს“, რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მიმდინარე ლიგაზე ფინურ ჰიკ-თან გავარდა – 1:2, 1:3.

მხოლოდ ეგ? “ტორპედო“ თუ გავიდა, მესამე ეტაპზე შეხვდება ალბანური “კუკესისა“ და აზერბაიჯანული “ყარაბახის“ წყვილში გავარდნილს. ეს მესამეც თუ გაიარა, წინ ფლეი-ოფი და ერთი მეტოქის ჩამოშორებაღა დარჩება ევროპა ლიგის ჯგუფამდე.

ერიჰაა, რა იოლად ვწერთ, საქმე კი სხვაგვარადაა. ჯერ ერთი, “ტორპედომ“ თავისი სისუსტე მოლდოველებთანაც გამოაჩინა და  მეორეც, ფარერის კუნძულებთან ქართველებს ცუდი მოგონებებიც გვაკავშირებს. წაგვიგია და არაერთხელ: ევროტურნირებზე იქაურებთან დამარცხებულან თბილისის “დინამო“ და “ვიტ ჯორჯია“ (ეგაა, არ გავარდნილან), ხოლო შარშან გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა 21-წლამდელთა ნაკრებმა წააგო კუნძულებზე – 1:3.

ჰოდა, წილისყრაში გაგვიმართლაო როცა ვწერთ, ზოგადად ვწერთ. აბა, “კუკესის“ და ამ ფარერების “ვიკინგურს“ ჰკითხეთ, ეგენიც იტყვიან, საქართველოს ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე მყოფ გუნდს ვხვდებით და გაგვიმართლაო…