აი, მგონი დამთავრდა ეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი.

დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ – რა წარმოგიდგებათ თვალწინ?

ეს მრავალფეროვანი ჩემპიონატი იყო. ბუცების და თმების ფერით დაწყებული, თამაშით დამთავრებული. ასეთი სიჭრელე აქამდე არც კი მინახავს. ასეთი ჭრელი ჩემპიონატი არ ყოფილა. მაგრამ სიჭრელე თვალს კი ახაარებს. მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის?

რა თქმა უნდა, ლამაზი გოლები. ასეთები, რასაკვირველია, იყო და ისინიც არაერთხელ გაიმეორეს ტელევიზორში. ვარსკვლვებიც იყვნენ, არაერთი დრამაც გათამაშდა. თუნდაც, მაროკოელ ფეხბურთელთა ტირილი, სქოთებზე გამარჯვებას რომ ზეიმობდნენ და მერეღა რომ შეიტყვეს, რომ ნორგვეგიელებს ბრაზილიელები დაუმარცხებიათ.

ანდა, აიღეთ ვირგლა დეივ ბეტის ამბავი, ცხოვრებაში არომ არასოდეს დაერტყა პენალტი და ბოლო დამრტყმელად რომ გაამწესეს. ანდა, ამასწინანდელი ტკივილი ლორან ბლანისა, ფინალს გარეთ რომ დარჩა. ანდა ავგაროზები ხოსე ლუის ჩელავერტისა, იმავ ბლანმა რომ გამოაცალა ძალა. ანდა ამბავი ლუიჯი დი ბიაჯოსი, ანდა, თავგადასავალი დავორ შუკერისა, ან კიდევ მოხსნილი ბუნ კუნ ჩა და კარლოს ალბერტო პარეირა. ზაგალოს გატეხილი სათვალე, ვინსტონ ბოგარდის მოტეხილი ფეხი და ეს საუცხოო ლილიან ტურამი, რონალდო და მისი სუზანა ვერნერი, განადგურებული ფერნანდო იერო და ტიფოზებთა მოჩხუბარი ჩეზარე მალდინი, სამშობლოს დროშაში გამოხვეული, ტრიბუნაზე მდგომი იან რაიტი, ჟანდარმებთან დამეგობრებული მიროსლავ ბლაჟევიჩი…

ეჰ, რამდენი დაუვიწყარი სახე და სურათი…

და მაინც, კიდევ უნდა დავხუჭოთ თვალები.

ამ დახუჭვისას მე ამ ჩემპიონატის ერთი თავისებურება გამახსენდება: მაისურაზე ჩავლებული ხელი. უამისოდ ჩემპიონატის აღქმა და გახსენება სრულფასოვანი ვერ იქნება.

ადრე როგორ იყო? „მაიკაზე“ დაებღაუჭაო, რომ იტყოდნენ, თვეობით სალაპარაკოდ რჩებოდა. ყველას ახსოვს 1984 წელს პრებენ ელკიაერ ლარსენს ესპანელებთან მატჩში ტრუსები რომ შემოახიეს. შემოხევის მომენტი ბევრს არავის შეუმჩნევია, მაგრამ ეს ამბავი დღემდე დაუვიწყარია. ახლა კი, თუ კაცს მაისურზე არ მოქაჩე, ფეხბურთელი აღარ ყოფილხარ. დაისაჯენ კიდეც – ამ ქაჩვის გამო პენალტებიც კი დაიდო. მაგრამ ეს მოულოდნელი რამ სულაც არ არის. რახან ფეხბურთში აშკარა უხეშობა აშკარად აიკრძალა, ჩუმმა უხეშობამ დიდი გასაქანი მიიღო. ჯგროში მაისურზე მოქაჩვა იოლად შესამჩნევი ხომ სულაც არ არის. მოქაჩვის ოსტატობა ერთი ხელობაა, ამის მსაჯისთვის დანახების ცოდნა კიდევ მეორე. ასე რომ, ფეხბურთის თამაშს ათასი რამის გვარიანი ცოდნაც დასჭირდა.

რა არის მცველის ერთ-ერთი ახალი ამოცანა? ნებისმიერი ხერხით შეუშალოს შემტევს, ოღონდ კი ეს შეუმჩნეველი დარჩეს. შემტევი კი ისე უნდა გაისარჯოს, რომ ეს ყველაფერი არათუ დაანახოს მსაჯს, არამედ ერთიათად გაბეროს და მისგან ერთი ამბავი შექმნას. ორთაბრძოლები ასეთი გახდა და ფიფას ახალ თავკაცს ეჭვიც კი გაუჩნდა, ეს ყველაფერი სპორტული ინვენტარის რეკლამირებისთვის ხომ არ ხდებაო. 1982 წელს იტალიელებმა მისური შემოახიეს ოზი არდილესს, რომელმაც ამ საქმისთვის ყვითელი ბარათიც კი მიიღო, რახან ძალიან ეწყინა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მაშინ რუმინელი მსაჯი რაინეა და კლაუდიო ჯენტილე „ადიდასის“ რეკლამაზე ფიქრობდნენ და ანტირეკლამა კი გამოუვიდათ.

საქმე „ნაიკის“ რეკლამაში კი არა, ახალ წესებშია. კაცს ყველაფერზე ბარათს უფრიალებენ და ამიტომაც გადაწყვიტა ჩუმი ჯარიმის ხერხები გაეფართოვებინა. თუმცა, ხერხები გაფართოვდა, მასობრივი გახდა და ამიტომ უფრო შესამჩნევიც.

ხომ ხედავთ, რა ხდება საჯარიმოში კუთხურის მიწოდებისას?

რაღა ესა და რაღა სარაგბო ამბავი.

ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა კი ასეთი რამ შესთავაზა მსოფლიო ფეხბურთის უფროსობას – მაისურები ქაღალდისგან შევკეროთო. ამით ყოველი ჯარიმა იოლად შესამჩნევი იქნება და შემოხეულ სამოსს ფეხბურთელი იოლად გამოიცვლისო. ეს საინტერესოა. მაგრამ ამდენი სამოსის გამოცვლას მაყურებელი და ფეხბურთელები ძნელად რომ აუვიდნენ. ფიფა იმის გამო ჩხუბობს, წელს ზევით ნუ შიშვლდებით და მაისურებს ნუ ცვლითო და ახლა წარმოიდგინეთ იგივე რონალდოს ქაღალდის რამდენი კომპლექტი დასჭირდება? არა, გენაცვათ, ამის გამძლები აბა ვინ არის?! ესეც არ იყოს, და, რაღა ქნან „ნაიკმა”, „უმბრომ“, „ადიდასმა“, „ლოტომ“, „დიადორამ“, „კელმემ“, და ასე შემდეგ? ზუგდიდის ქაღალდის ფაბრიკასთან აფორმონ ხელშეკრულებები?

მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ დავხუჭოთ თვალები.

მსაჯებიც ხომ გაგვახსენდება?

საქმე იქეთ მიდის, რომ მალე მსაჯი მთავარ ვინმედ გახდება თამაშში.

მოედანზე მყოფ არც ერთ ფეხბურთელს არ შეუძლია იმგვარად იმოქმედოს თამაშის მსვლელობასა და ბედზე, როგორც მსაჯს. მოგეცა ლხენა, კარგი მსაჯის ცქერას ბევრი არაფერი სჯობდეს, მაგრამ მსაჯიც არის და მსაჯიც. მსაჯს ყოველვის აქვს გასასამართლებელი პასუხი, განსაკუთრებით წითელი ბარათის აფრიალებისას. ის კანონით მოქმედებს. უთხრეს, უკნიდან დაწიხვლის გამო გააძევეო და აძევებს. ოღონდ, მსაჯები თავისებური ხალხია. მოუნდება გააძევებს და მოუნდება განზე გაიხედავს. მიდი და უყარე კაკალი. მერე ვიღაც ბიძები დასხდებიან კომისიაში და არჩევენ, უნდა მიეცა, არ უნდა მიეცაო. თამაშს კი აქედან არაფერი. იმიტომ, რომ პრინციპია, „ფეირ პლეი“ ყვითელი დროშა და ჯენტლმენობა. მე კი მგონია, რომ არ არსებობს ჯენტლმენობა, რომელიც სიტყვიერი გაფრთხილებით, ყვითელი და წითელი ბარათებით იზომება.

რაც არ უნდა დაინდო, დენის ბერხკამპი ჯენტლმენი არ არის, რონალდო კი ჯენტლმენია. არიელ ორტეგა არ არის ჯენტმენი, დარენ ანდერტონი კი ჯენტლმენია. ამიტომ, „ფეირ პლეი“ სისულელეა. რატომ გინდა, რომ ყველა ერთ თარგში მოჭრა? ყველა ვერ იქნება ერთნაირად ზრდილობიანი. ყველა თავისი ბავშვობიდან, თავისი ხასიათიდან და ფიქრებიდან მოდის. დასაჯე, ბატონო, მაგრამ რა აზრი აქვს მოედანზე ყვითელი დროშის ფრიალს, როცა ქვეყნად სლავენ ბილიჩი არსებობს? შენ რა, ინსს ეტყვი, ვინმე დაინდე-თქო? ან დიეგო სიმეონეს აუკრძალავ რვა მალაყის გაკეთებას, აქაოდა მოვკვდიო?

ფეხბურთი სულაც არ არის ჯენტლმენური თამაში, უბრალოდ, ზოგიერთს შეუძლია, რომ ჯენტლმენურად ითამაშოს. ყველას ეს არ შეუძლია და არც სურს. უბრალოდ, შეუძლებელია და წითელი ბარათით გაჯენტლმენებული კაცი ჯერ არ დაბადებულა. შეშინებული კი, მაგრამ გაჯენტლმენებული – არა.

ესეც კიდევ ერთი და ერთხელაც დავხუჭოთ თვალი და მიუხედავად ყველაფრისა, ვთქვათ – ფეხბურთი ძალიან კარგი რამ არის.

ფეხბურთი ბევრად სჯობს მსოფლიო ჩემპიონატს. ამიტომ, მიდით, ჩვენთვის ვიფიქროთ და წარმოვიდგინოთ, ვინ დაგვამახსოვრდა. მერვედფინალის შემდეგ შინ წასული თეთრმეტი კაცი ამოვირჩიე (ალბათ, თქვენც ამოირჩიეთ) და მათში იმაიკლ ოუენი დავაყენე პირველ ადგილზე.

ფინალის წინ ნუ ვახსენებთ საუკეთესო ფრანგებსა და ბრაზილიელებს. ეს საორშაბათოდ შემოვინახოთ.

გავარდნილთა შორის კი დავასახელოთ თითო საუკეთესო კაცი. არგენტინელთაგან – ხავიერ კლაუდიო ლოპესი, ჰოლანდიელთაგან – ედგარ დავიდსი, დანიელთაგან – მაინც უმცროსი ლაუდრუპი, გერმანელთაგან – მიუნხენელი ტარნატი, ხორვატთაგან – დავორ შუკერი, იტალიელთაგან კი მაინც და აუცილებლად – რობერტო ბაჯო, რომლის გარეშეც იტალიელებმა ერთადერთხელ მოახერხეს გოლის გატანა.

ამათ გამო ხომ ბევრს ილაპარაკებ? ეს ხომ დღევანდელი ფეხბურთის ჯიგარი და მარილია?

ახლა კიდევ ერთხელ დავხუჭოთ თვალები და თითოეული ამათგანი წარმოვიდგინოთ, არა, ფეხბურთი საუცხოო თამაშია, და რომელს ამოირჩევდით ამათგან? რომელი იყო საუკეთესო? სანამ ამოსარჩევად გვაქვს საქმე, ფეხბურთი ბრწყინვალე თამაშად რჩება. ამიტომ ფინალამდე თვალდახუჭულად ყოფნაც შეიძლება. საფიქრალს და გასახსენებელს, გასული თვის უამრავ ამბავს, რა გამოლევს?

რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ იკარგება, ცუდიც და კარგიც გვამახსოვრდება. ფეხბურთს მეტად ჭყეტელა ფერები შეუყვარდა.

10.07.1998

 

 

წილი
წინა სტატიასერბეთი – ხორვატია. წყალბურთი და არა მარტო…
შემდეგი სტატიაროგორც მესხსა და შენგელიას ეკადრებათ
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.