ასწლიანი და რელიგიური ომებით მრავალჯერ დანგრეული ტრი-სიურ-ბაიზის მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა თუ გსურთ სულაც არაა საფრანგეთში ჩასვლა საჭირო. გაცილებით შორს მოგიწევთ გამგზავრება, ატლანტიკის ოკეანის გადაკვეთა და ნიუ-იორკში სტუმრობა. რაოდენ უცანაურიც არ უნდა იყოს იქ არც რაიმე ტილოს და არც ქანდაკების სანახავად არ გგზავნით – ჰუძონის ნაპირას, ბრონქსიდან ორ ნაბიჯშია მუზეუმი The Cloisters, რომელიც შუა საუკუნეების ოთხი ფრანგული და ესპანური მონასტრების ასლებია მათივე ნანგრევებით აშენებული. ამ ოთხიდან ერთ-ერთი სწორედ ტრი-სიურ-ბაიზის კარმის მონასტერია, რომელიც ფრანგული რევოლუციის დროს თითქმის მიწასთან გასწორდა. პირველი მსოფლიო ომის წინ ამერიკელმა კოლექციონერმა ჯორჯ გრეი ბერნარდმა ამ ნანგრევების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკის გზას გაუყენა და იქაურობისთვის განსაცვიფრებელი მუზეუმიც შექმნა.
ტურ დე ფრანსის პელოტონსაც აქ სანახავი აღარაფერი ჰქონდა და ძალიან სწრაფადაც გაეშურა პოსკენ. პირველი საათის საშუალო სიჩქარე 48,8 კმ/სთ იყო. პო ბეარნის მთავარი ქალაქია. აქაურობა ფრანგული ისტორიული ლიტერატურისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. მარტო ალექსანდრე დიუმას აქვს უამრავი რომანი ბეარნზე. დ’არტანიანი პარიზისკენ გაცილებისას მამამისმა, გასკონელმა აზნაურმა იმ წმინდა ბეარნული კილოთი დაარიგა, რომელიც მთელ სიცოცხლეში ვერ მოიშორა ანრი მეოთხემ, – წერს დიუმა „სამი მუშკეტერის“ პირველ თავში. ეს ის ანრი მეოთხე ნავარელია, რომელიც დედოფალ მარგოზე დაქორწინებამ ბართლომეს სისხლიან ღამეს გადაარჩინა, შემდეგ მოახერხა საფრანგეთის მეფე შარლ მეცხრის დედას, ეკატერინე მედიჩის დასხლტომოდა ხელიდან, პოს დაბრუნებოდა, რომელიც მაშინ ნავარის სამეფოს დედაქალაქი იყო, და იქაურ ციხე-სიმაგრეში შემოეკრიბა თანამოაზრეები. ვალუების დინასტიის ბოლო მეფის ანრი მესამის გარდაცვალების შემდეგ ანრი მეოთხედ იქცა და ბურბონების დინასტიას დაუდო სათავე. თუმცა პარიზში შესასვლელად სარწმუნოების შეცვლა და კათოლიკობის მიღება დასჭირდა. ამან გაანაწყენა მისი ჰუგენოტი თანამებრძოლები, რომლებიც ისტორიული ფრაზით დააშოშმინა – პარიზი ღირს მესად!
პარიზში შესასვლელად ტურ დე ფრანსის პელოტონს კათოლიკობის მიღება ნამდვილად არ სჭირდება, მხოლოდ სამი ეტაპი ჰქონდა დარჩენილი, რომელთაგან პირველს, ტურნირისთვის კი რიგით მე-18-ს, რთული არ ეთქმოდა. 171 კილომეტრიან გზაზე მხოლოდ ორი მცირედი დაბრკოლება იყო და რბოლაც ისეთი გამოვიდა, გუშინ რომ „დავაანონსეთ“. მოიერიშეებმა თავიდანვე სცადეს გაქცევა და ხუთი მრბოლიც დაწინაურდა. პელოტონს მათთვის დიდი ფორის მიცემა არ უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში ორი თანაგუნდელი იყო სკოტიდან და სხვებიც პატიოსნად ირჯებოდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ისინი მთავარ ჯგუფს, რომლის ტემპსაც პეპლების გუნდები, გრუპამა, ბორა და ემირატები არეგულირებდნენ, 2 წუთზე მეტით გზის ვერცერთ მონაკვეთზე მოწყდნენ.
შუა რბოლისას მთავარი მოვლენა გუშინდელი გამარჯვებულის, კოლუმბიელი კენტანას წაქცევა იყო. მასთან ერთად კიდევ რამდენიმე კაცი აღმოჩნდა მიწაზე, მაგრამ სერიოზულად არავინ დაშავებულა, პელოტონიც ჯენტლმენურად მოიქცა, არ სცადა ამ ჯგუფის ჩამოტოვება და საერთო ჩათვლის ხუთეულიც ამად არ შეიცვალა. ფინიშამდე 18 კილომეტრით ადრე ათიოდე მრბოლმა სცადა გამწვავება, პელოტონსაც მოწყდა და ლიდერებსაც უცებ დაეწია, მაგრამ ორ კილომეტრზე მეტი ვერ გაძლეს. სპრინტერების აჩქარება ყველამ ერთად დაიწყო ბოლო კილომეტრზე. მათ შორის საუკეთესო არნო დემარი გახდა, რომელიც გუშინ მთებში ძალიან დაიჩაგრა, ყველამ მიატოვა და საკვალიფიკაციო დროში ძლივს ჩაეტია. წვალება და თავის გამოდება დაუფასდა კიდეც – ბოლო მეტრებზე კრისტოფ ლაპორტსაც (კოფიდისი, საფრანგეთი) აჯობა და ალექსანდერ კრისტოფსაც (ემირატები, ნორვეგია). სხვათაშორის 1978 წლის მერე ეს პირველი ფრანგული დუბლია სპრინტერულ ეტაპზე.
ხვალ სულ სხვა რბოლაა. 200,5 კილომეტრი ლურდიდან ლარუნამდე, პატარა აღმართები რომ არად ჩავთვალოთ, პელოტონს ერთი პირველი კატეგორიის და ორიც უმაღლესი კატეგორიის სირთულის დაბრკოლებით შეეწინააღმდეგება. ფინიში კი 20 კილომეტრიანი ციცაბო დაღმართის ბოლოსაა.
ტურ-დე-ფრანსი. საუკეთესო ხუთეულები
საერთო ჩათვლა (ყვითელი მაისური)
მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | დრო |
---|---|---|---|
გერენტ ტომასი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | 83h 17' 13'' |
ტომ დიუმულენი | ჰოლანდია | სანვები | + 01' 51'' |
კრის ფრუმი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | + 02' 24'' |
პრიმოჟ როგლიჩი | სლოვენია | ლოტო | + 03' 22'' |
სტივენ კრუისვიკი | ჰოლანდია | ლოტო | + 06' 08'' |
სპრინტერთა ჩათვლა (მწვანე მაისური)
მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | ქულა |
---|---|---|---|
პეტერ საგანი | სლოვაკეთი | ბორა | 477 |
ალექსანდერ კრისტოფი | ნორვეგია | ემირატები | 246 |
არნო დემარი | საფრანგეთი | გრუპამა | 203 |
ჯონ დეგენკოლბი | გერმანია | ტრეკი | 178 |
ჟულიენ ალაფილიპი | საფრანგეთი | ქუიკსტეპი | 143 |
მთის მეფის ჩათვლა (წითელკოპლებიანი მაისური)
მრბოლი | ქვეყანა | გუნდი | ქულა |
---|---|---|---|
ჟულიან ალაფილიპი | საფრანგეთი | ქუიკსტეპი | 170 |
უორენ ბარგილი | საფრანგეთი | ფორტუნეო | 91 |
რაფაელ მაიკა | პოლონეთი | ბორა | 76 |
გერენტ ტომასი | დიდი ბრიტანეთი | სქაი | 74 |
ტომ დიუმულენი | ჰოლანდია | სანვები | 63 |
გუნდური ჩათვლა
გუნდი | დრო |
---|---|
მოვისტარი | 250h 24' 53'' |
მერიდა | + 12' 33'' |
სქაი | + 31' 14'' |
ლოტო | + 47' 24'' |
ასტანა | + 01h 15' 32'' |