მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის, ტურ დე ფრანსის ეტაპების გამარჯვებულები ვალდებულები არიან ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ თავიანთი ველოსიპედები სპეციალურ შემოწმებაზე გაგზავნონ.
სპეციალისტები უნდა დარწმუნდნენ, რომ ველოსიპედებში არანაირი დამატებითი მექანიზმი არ არის ჩამონტაჟებული, რაც სპორტსმენს აჩქარებაში დაეხმარება.
ჟან კრისტოფ პერო, ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენელი: „აქ იგივე პრინციპია, რაც საავადმყოფოს რადიოგრაფიაზე, სადაც თქვენ გეუბნებიან, ნეკნი მოტეხილი გაქვთ თუ არა. ჩვენ აქ ასევე ვარკვევთ, არის თუ არა ველოსიპედში რაიმე დამატებითი მოწყობილობა, რომელიც წესით არ უნდა იყოს“.
წლევანდელ ტურ დე ფრანსზე ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს სითბური კამერების გამოყენება, რომელმაც ველოსიპედში ენერგიის უჩვეულო წყარო, მაგალითად, ელექტროძრავა უნდა აღმოაჩინოს. შემოწმება პირდაპირ რბოლის დროს ტარდება.