არგენტინელი ჟურნალისტი არიელ სენოსიაინი TyC Sports-ს და Ole-ს მესვეტეა, რომელმაც გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უკვე გამოსცა წიგნი სათაურით Mundial es Historias (მუნდიალი ისტორიებისგან შედგება), სადაც სხვა ამბებთან ერთად მოყვა ერთი, რომელიც არგენტინის ნაკრების ხორვატებთან 0:3 დამარცხების შემდეგ მოხდა.
თურმე მატჩის შემდეგ ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს გუნდის შეკრება მოუთხოვიათ მწვრთნელის ხორხე სამპაოლისა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით. საგანგებო თათბირს, რომელიც იოლი წარმოსადგენია, რომ დაძაბული იქნებოდა სამპაოლის ასისტენტები სებასტიან ბეკაჩესე და ლიონელ სკალონიც ესწრებოდნენ.
სენოსიაინი წერს, რომ ფეხბურთელებს მწვრთნელისთვის უნდობლობის გამოცხადება სურდათ.
„ჩვენ არ გვესმის შენი დავალებები, აღარ გენდობით და თავად გვინდა საკუთარი შეხედულებების გამოთქმა”, — ასეთი იყო მათი პოზიცია.
სამპაოლის ფეხბურთელების პრეტენზიები გაჰკვირვებია და უკითხავს, ასეთი რა შეხედულებების გამოთქმა გინდათო. ამაზე ფეხბურთელებს უპასუხიათ, რომ სურთ მათი აზრი აბსოლუტურად ყველა საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინონ.
ახლა რაც შეეხება მესის. მას მწვრთნელისთვის უთქვამს: „დაახლოებით ათჯერ მაინც მკითხეთ ვის ვისურვებდი მოედანზე ჩემს გვერდით. მე ერთი სახელიც კი არ დამისახელებია”.
ავტორი წერს, რომ უჩვეულო კრებას არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპიაც ესწრებოდა, რომელსაც რაღაც მანქანებით ადრევე სცოდნია რასაც აპირებდნენ ფეხბურთელები და სამპაოლისთვის რჩევა მიუცია არ გაჯიქდე, დაუთმეო.
სენოსიაინის თქმით თათბირი ემოციურად კი დაწყებულა, მაგრამ ზედმეტ დუღილში აღარ გადასულა და მწვრთნელს ფეხბურთელებისთვის მათი აზრის გათვალისწინების პირობა მიუცია.
ზემოხსენებულ ასისტენტ სებასტიან ბეკაჩესეს სიტუაცია მაინც არ მოსწონებია და გადადგომა მონდომებია, მაგრამ თურმე სამპაოლიმ დააშოშმინა და აზრი შეაცვლევინა.