„ჩელსიმ” მაურიციო სარის თანაშემწედ ჯანფრანკო ძოლა დანიშნა. „ლურჯების” ლეგენდა ბოლო თამაშიდან 15 წლის შემდეგ „სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება.
ლონდონურმა კლუბმა თავის გულშემატკივარს ახალი ამბავი სწორედ იმ ფოტოთი აუწყა, რომელიც ჩვენი ინფორმაციის მთავარ, შავ-თეთრ ილუსტრაციად გვაქვს გამოტანილი — სარი და ძოლა ავსტრალიური ტურნეს წინ ერთად სხედან თვითმფრინავში.
52 წლის ძოლამ „ჩელსის” ოფიციალურ საიტს უთხრა: „ჩემთვის განსაკუთრებული რამ მოხდა. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები მუხლჩაუხრელ შრომას. წინ უძნელესი გამოწვევა გველის, მაგრამ მიხარია აქ რომ ვარ და მაურიციოსთან ერთად წარმატებისთვის ვიბრძოლებ.
დიდებული იქნება თუკი სარისთან ერთად ტიტულებს მოვიპოვებ იმ კლუბში, რომლისთვისაც ფეხბურთელობის წლებში ძალ-ღონე არ დამიშურებია”.
„ჩელსის” შემადგენლობაში ჯანფრანკო ძოლამ 312 შეხვედრაში 80 გოლი გაიტანა. მან „სტემფორდ ბრიჯზე” შვიდი წელიწადი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში შვიდი ჯილდო მოიპოვა.
ძოლასდროინდელი „ჩელსის” ყველაზე დიდი წარმატება 1998-99 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასის მოპოვება გახლდათ. ეს სწორედ ის თასია, რომელიც 1981 წელს თბილისის „დინამომ” მიგო, თუმცა დასავლეთ ლონდონელებს თბილისელებისგან განსხვავებით ორჯერ აქვთ მოგებული. პირველად მათ ეს 1971 წელს შეძლეს.
ჯანფრანკო ძოლამ მწვრთნელობა თავიდან იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში დაიწყო, შემდეგ კი მუშაობდა „ვესტ ჰემში”, „უოტფორდში”, „კალიარიში”, „ალ არაბისა” და „ბირმინგემში”.