როგორც ირკვევა რაფა ბენიტესს ესპანეთის ნაკრების გაძღოლის შანსი ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა.

„მქონდა შანსი, მაგრამ „ნიუკასლში” დარჩენა ვამჯობინე. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ”, — უპასუხა ბენიტესმა ჟურნალისტებს.

თავიდან, „ლივერპულის” ყოფილ თავკაცს თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ დაუკავშირდნენ, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა ლუის რუბიალესმა „ლა როხადან” ხულენ ლოპეტეგი გააგდო. მაშინ ბენიტესს გუნდის დროებით გაწვრთნა შესთავაზეს, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძეხიო  — შეთავაზების მესამე დღეს ესპანეთის ნაკრებს უკვე პორტუგალიასთან ჰქონდა შეხვედრა.

ამის მიუხედავად ბენიტესი არ იყო წინააღმდეგი ეკისრა რთული ამოცანა. არც „ნიუკასლის” შეფები აცხადებდნენ პროტესტს, რადგან საქმე ეხებოდა რამდენიმე კვირას, მათთვის კი პი-არის თვალსაზრისით მწვრთნელის მონდიალზე მივლინება შესაძლოა უმჯობესიც გახლდათ.

გარიგებას ისევ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ მოაბა თავი, როგორც ჩანს კიდევ იყომანა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ 58 წლის მწვრთნელმა სურვილის მიუხედავად უარი თქვა. ამის შემდეგ რუბიალისმა „ლა როხას” სათავეში ფერნანდო იერო ჩაუყენა.

საგულისხმოა, რომ ამის შემდეგ ბენიტესს ესპანეთის ნაკრების მუდმივი მწვრთნელობა შესთავაზეს. აქ კი მან მტკიცე უარი განაცხადა, რადგან ჯერ ერთი საკლუბო ფეხბურთში სურს დარჩენა და მეორეც როგორც გამჭრიახმა ადამიანმა იგრძნო, რომ ზურგზე ამხელა ტვირთის მოკიდება მაშინ როდესაც ფედერაციაში არეულობაა ახლა უკვე პოლიტიკურად იყო წამგებიანი.

აღსანიშნავია, რომ წარმოშობით მადრიდელ ბენიტესს ამ ზაფხულზე ლა მანშს გადაღმიდან კიდევ სამი შეთავაზება მოუვიდა, მაგრამ მან „ნიუკასლში” დარჩენა ამჯობინა.