ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა მოულოდნელი რამ თქვა: „არსენალში” 22 წელი მუშაობა ჩემი დიდი შეცდომა იყოო.
ფრანგმა ლონდონის კლუბი ზაფხულის დასაწყისში დატოვა. ორი დეკადის განმავლობაში ვენგერმა სამჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული და შვიდჯერ ფეხბურთის ასოციაციის თასი, მაგრამ ბოლო წლებში სერიოზული კრიტიკის ობიექტიც გახდა.
კომპანია, რომელიც „არსენალის” ფანებმა გააჩაღეს ცნობილი გახდა სახელწოდებით Wenger Out ანუ „ვენგერი წავიდეს”. ამ კამპანიის წამოწყების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფრანგს არათუ დიდი ტიტულების მოგება არამედ გუნდის ჩემპიონთა ლიგაში შეყვანაც სულ უფრო და უფრო უჭირდა.
ამბიციურ ლონდონელ ფანობას აღიზიანებდა ისიც, რომ ვენგერის ეპოქაში „მეთოფენი” მხოლოდ ერთხელ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
არსენ ვენგერმა ინტერვიუ მისცა საფრანგეთის რადიო RTL-ს, სადაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა მიაჩნია თავის ყველაზე დიდ შეცდომად.
„ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა ერთ კლუბში 22 წელიწადი დარჩენა იყო, — უპასუხა ვენგერმა, — მე ის ადამიანი ვარ რომელსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა, მაგრამ იმავდროულად მიყვარს გამოწვევებთან გამკლავებაც და ვფიქრობ ხშირად საკუთარი გამოწვევების მძევალი ვხდებოდი”.
„მეთოფეთა” მწვრთნელის თანამდებობაზე არსენ ვენგერი ესპანელმა უნაი ემერიმ შეცვალა, რომელმაც პირველ ამხანაგურ შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს: „ბორჰემ ვუდს” 8:0 მოუგო.
ემერიმ უკვე დაიწყო თავისი გუნდის შეკვრა. „ემირეით სთედიუმზე” უკვე ჩავიდნენ ბერნდ ლენო, სტეფან ლიხტშტაინერი, სოკრატესი, მატეო გენდუზი და ლუკას ტორეირა.
„არსენალის” ახალი მწვრთნელი ამბობს, რომ წინამორბედს უდიდეს პატივს სცემს: „ლონდონში გამართულ პირველ პრეს-კონფერენციაზე ვთქვი, რომ არსენს დიდ პატივს ვცემ. ნიონში, მწვრთნელთა შეკრებებზე, ყოველ წელიწადს ის ლაპარაკობდა, სხვები კი ჩუმად ისხდნენ და უსმენდნენ. მე „არსენალში” ჩემს საქმეს გავაკეთებ, მაგრამ იმავდროულად დავაფასებ ბევრ რამეს, რასაც აქ ვენგერმა ჩაუყარა საფუძველი”.