დღეს ინგლისი და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანს გამოავლენენ. ოთხი წლის თავზე კი ანალოგიური ტიტულისთვის მატჩი ბარბარობა დღეს – 17 დეკემბერს შედგება.
რადაო და იმადაო, რომ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ასე ბრძანა: მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიო ფეხბურთის სეფეკაცმა ბრძანა, ყატარში ივნისიდან ივლისის ჩათვლით საშუალო ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება და ვშიშობთ, ეს ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ცუდად  აისახებაო.
ყატართან ვადებზე შეთანხმება მიღწეულია.
დასაზუსტებელია მხოლოდ, ფინალურ ეტაპზე უკვე ყატარშივე ითამაშებს 48 ნაკრები თუ მონდიალის გაფართოვება 2026 წელს აშშ-კანადა-მექსიკიდან დაიწყება.
არ დავსვამთ კითხვას, როდის შეიტყო ფიფას ხელმძღვანელობამ ყატარის გაუსაძლისი ზაფხულის შესახებ – მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის არჩევის შემდეგ?
ეტყობა, არაბი შეიხების ფულმა ჯოჯოხეთი გაანათა და სინიორ ინფანტინოს სიტყვები ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ, იაფფასიანი დემაგოგიის ფარგლებს ვერ გასცდა.
წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ევროპაში საკუთარი ჩემპიონატის კალენდარი უნდა დაჩეხოს ყველა ტოპ-ქვეყანამ, რათა 21 ნოემბერს დასაწყები მონდიალისთვის დაახლოებით ერთთვიანი მოსამზადებელი ციკლის შანსი მიეცეთ ეროვნულ ნაკრებებს.
ასევე უნდა დაჩეხოს ევროტურნირების კალენდარი უეფამ – უფრო ადრე დაიწყოს ზაფხულში და გვიან დაასრულოს მომდევნო ზაფხულში.
და რა განსხვავებაა, ფეხბურთელი 40 გრადუსიან სიცხეში აგვისტოში საბერძნეთში ან პორტუგალიაში ირბენს ეროვნულ ჩემპიონატში თუ ივნისში ყატარში?
სხვაობა კოლოსალურია.
FIFA-მ უკვე დათვალა, რომ რუსეთის მონდიალიდან მოგების სახით 6.1 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც წინა მონდიალის სარფას 1.3 მილიარდით აღემატება.
ვარაუდობენ, რომ ყატარიდან მოგება სულაც 8 მილიარდს გაუტოლდება. თქვენ კიდევ ჯანსაღი კონკურენციაო… სპორტი მშვიდობააო… სპორტი ჯანმრთელობააო… სპორტი ბიზნესია.
მკაცრი და დაუნდობელი ბიზნესი, რომლისთვისაც სენტიმენტები უცხოა და ფეხბურთელის ჯანმრთელობაც ზუსტად იმდენადაა საინტერესო, სანამ მას საერთო ყულაბაში ფული შემოაქვს.